პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: ეს ხალხი “ნაცრეჟიმის” ნამსხვრევებისა და მათი ოდესელი სანჩო-გუბერნატორის დაკვეთას ასრულებს

 რამდენიმე დღეა, საზოგადოების ყურადღება “გაზპრომთან”დაკავშირებული მოლაპარაკებების გარშემო ატეხილ აყალ-მაყალს უსმენს და უყურებს. “არა გაზპრომს” - ამ მოწოდებით აქცია გამართეს “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერმა მომღერლებმა, მსახიობებმა, მწერლებმა და პოეტებმა. უფრო მეტიც, ზამთრის ცივ ღამეს “მეფის” სახელით ცნობილი მომღერლის თითქმის შიშველმა მეუღლემ, ქეთათომ, სიმღერით გააპროტესტა “გაზპრომის” საქართველოში სავარაუდო “შემოსვლა”. არადა, ეკონომისტებისა და პოლიტოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ ეს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ხელსაყრელი და მისაღებია ბევრი მიზეზითა და თვალსაზრისით. თემაზე, თუ რატომ არის “გაზპრომი” საქართველოსთვის ხელსაყრელი და მისაღები, „საქართველო და მსოფლიო“ პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძეს ესაუბრა.

 - ბატონო ჯუმბერ, როდიდან და რა ხელშეკრულება აქვსგაფორმებული “გაზპრომთან” საქართველოს?

- როგორც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებას 2003 წელს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული “გაზპრომთან”. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ენერგეტიკის სფეროში საქართველო მუდამ თანამშრომლობდა რუსეთთან, მაშინაც კი, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა ჩვენს ტერიტორიაზე. მაგალითად, აფხაზეთში, სადაც ენგურჰესის მიმართ, დროებით მაინც, კომპრომისულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მიუხედავად პოლიტიკური კონტექსტისა, რომელიც ნაკარნახევი იყო რეგიონის ენერგეტიკული უზრუნველყოფის აუცილებლობით. ეს დღესაც ასეა. თუმცა იყო დივერსიული აქტების არაერთი შემთხვევა, თუნდაც 2006 წლის ზამთარში მომხდარი ფაქტი, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში ააფეთქეს “გაზპრომის” კუთვნილი მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ამარაგებს სომხეთს ბუნებრივი აირით.

- ბევრს საუბრობენ, “გაზპრომი” სანდო პარტნიორი არ არის და მისი ბუნებრივი აირი ძვირიაო, თუმცა რუსული ბუნებრივი აირი იაფად ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას...

- ჩვენს შემთხვევაში იმდენად “გაზპრომის” სანდოობაზე არ არის საუბარი (ნახევარი ევროპა “გაზპრომის” კლიენტურაა), რამდენადაც საქართველოსა და რუსეთს შორის არარსებულ ურთიერთობაზე, რომელიც, ლამის მეოთხედი საუკუნეა, კონფროტაციულ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება ტარიფებს ბუნებრივ აირზე, იგი ცვალებადია და დიდწილად მიბმულია მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე, რომლითაც რუსეთი და სხვა ნავთობ და გაზმომპოვებელი სახელმწიფოები მუდამ სარგებლობენ.

- რუსული ბუნებრივი აირის გარდა გვაქვს სხვა ალტერნატივა, რათა შევავსოთ დანაკლისი, რომელზეც მთავრობა საუბრობს?

- ეტყობა, რომ ამ ეტაპზე სხვა ალტერნატივა საქართველოს არ აქვს, თორემ ძირითადი მომწოდებლისგან, აზერბაიჯანისგან, შეიძენდა და შეავსებდა დეფიციტს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო და, საერთოდ, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს თავის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე, უნდა ეწეოდეს ენერგოსექტორის დივერსიფიკაციას და არ უნდა იყოს დამოკიდებული ენერგიის მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება, თუ ამ პრინციპს დაეყრდნობა და საკუთარ ბაზარზე კონკურენტულ გარემოს შეუქმნის როგორც აზერბაიჯანულ და რუსულ, ისე ირანულ ენერგომატარებლებს - ბუნებრივ აირსა და ნავთობპროდუქტებს.

- ვინ და რატომ აპროტესტებს “გაზპრომთან” თანამშრომლობას? ასრულებენ თუ არა ისინი ვინმეს დაკვეთას?

- სხვათა შორის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიესალმება ენერგეტიკის დივერსიფიკაციის გამოვლინებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ამ საკითხში უფრო “მეტი გამჭვირვალობისკენ” მოუწოდა მას. რაც შეეხება იმათ, ვინც “აპროტესტებს “გაზპრომთან” ურთიერთობას, ეს ის ხალხია, რომელიც ტაშს უკრავდა სააკაშვილის “ნაცრეჟიმს”, როდესაც იგი რუსეთის კომპანიებზე “უპრაგონოდ” ჰყიდდა საქართველოს ენერგოსექტორის სიმძლავრეებს 2008 წლის ომის შემდეგაც კი... აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს ხალხი ასრულებს “ნაცრეჟიმის” ნამსხვრევებისა და მათი ოდესელი სანჩო-გუბერნატორის დაკვეთას.

- რამდენიმე წლის წინანდელი დივერსიული აქტი, რომლის შედეგადაც თანამშრომლობა შევწყვიტეთ “გაზპრომთან”, როგორ ფიქრობთ, ვისი მოწყობილი იყო?

- ძნელია ამის თქმა, რადგან, გარდა ოფიციალური ვერსიისა, სადაც რუსეთია დასახელებული, ამ დივერსიული აქტის მოწყობით დაინტერესებული შეიძლება ყოფილიყო ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი არაერთი ექსტრემისტულ-სეპარატისტული დაჯგუფება, რომელთაც სურდათ სიტუაციის დესტაბილიზაცია კავკასიაში. ყოველ შემთხვევაში, ამ დივერსიული აქტის შედეგად მისმა დამგეგმავებმა მიაღწიეს რუსულ-ქართული ურთიერთობების ისე დაძაბვას, რომ შეიძლება იგი ჩაითვალოს ათვლის წერტილად, რომელიც დინამიკურად და შეუქცევადად განვითარდა და საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი მოიტანა.

- ამბობენ, “სოკარში” ბევრი “ნაციონალი” მუშაობსო, მათ შორის, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ხეთაგური. ფიქრობთ, რომ ეს ხმაური და აჟიოტაჟი მათი დაწყებულია, რადგან ფინანსების დაკარგვას ვერ ეგუებიან?

- ამ საკითხში, როგორც ხელისუფლებას, ისე საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილე გვმართებს. ვინც უნდა მუშაობდეს “სოკარში”, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია, რომელიც არაერთხელ დაგვხმარებია რთულ პერიოდებში. ახლაც, თუ არ ვცდები, საქართველო “სოკარისგან” შეღავათიან ფასად ყიდულობს მოსახლეობისათვის ე.წ. სოციალურ გაზს, თუმცა ე.წ. კომერციული გაზის ფასი საკმაოდ მაღალია. ამიტომაა, რომ, როგორც ზევით ვთქვი, ქვეყანა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე არათუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში. აუცილებელია, ეკონომიკის სრული დივერსიფიცირება.

“მიშისტებმა” “იმიშაონ”, სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა კი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთონ.

- დადებითად აფასებთ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯსგაზპრომთან” ურთიერთობის საქმეში?

- რა თქმა უნდა, მეტიც: მიმაჩნია, რომ, თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სურს, როგორც იგი ამას სამი წლის წინათ აცხადებდა, დაალაგოს და გააუმჯობესოს ურთიერთობა რუსეთთან, მაშინ ასე არ უნდა აფრთხობდეს “ნაცმოძის” აქტივისტების ყოველი შემოტევა, როგორიც ახლა ვიხილეთ “გაზპრომის” მიმართ. პირიქით - ხელისუფლებამ თამამად უნდა იმოქმედოს და გააღრმავოს სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა სახისკავშირები რუსეთთან, რათა საბოლოოდ მივიდეთ ამქვეყანასთან იმგვარ პოლიტიკურ ურთიერთობამდე, რომელიც განაპირობებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სადაც რუსეთი განიხილება, როგორც ერთგვარი გარანტი აფხაზებისა და ოსებისათვის, რადგან რუსეთის ჩაურევლად “მათი დათანხმება საქართველოში ინტეგრაციაზე შეუძლებელი იქნება”. აი, ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ, როცა საუბარია რუსეთთან ან რუსულ კომპანიებთან ურთიერთობებზე. არსებულ სიტუაციაში, როცა სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, ნებისმიერ კონტაქტს თუ კონტრაქტს ენიჭება დიდი მნიშვნელობა. პოლიტიკაში ცნობილი ფორმულაა: “სადაც ვაჭრობენ, იქ არ ომობენ”, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ დღევანდელი ოკუპანტი ხვალ პარტნიორად აქციოს, ანუ ყველა საშუალება გამოიყენოს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და, ამასთანავე, ქვეყნის სახელმწიფო სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. დროული იქნება, თუ ახალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვა ინიციატივით და მოითხოვს აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოებას, სადაც, ამ ორი დიპლომატის გარდა, ორივე სახელმწიფო შეიყვანს თავის წარმომადგენლებს, რომლებიც ეკონომიკის საკითხებით დაკავდებიან, მათ შორის, ენერგეტიკითაც. აქამდეც რომ ყოფილიყო ასე, არც “გაზპრომთან” ურთიერთობა გახდებოდა მავანისთვის “თავსატეხი” და მისი “გამჭვირვალობის” თემაც არ დადგებოდა დღის წესრიგში.