პუბლიკაციები
როგორ განმარტავს საკუთარ გადაწყვეტილებებს და რას პასუხობს ირაკლი ალასანიასა და კახა კალაძეს დავით ზალკალიანი? - ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ მოადგილესთან

 „ემოციური განცხადებისა" და ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას უბრუნდება. სავარაუდოდ, მოვალეობის შესრულებას მომავალი კვირიდან შეუდგება. რატომ დათანხმდა მთავრობის შეთავაზებას, თვლის თუ არა შეცდომად ძველ განცხადებებს, რა ურთიერთობა აქვს „თავისუფალ დემოკრატებთან" და რატომ უწოდებს ირაკლი ალასანიას განცხადებას „უცნაურს"? - „პოლიტკომერსანტის" შეკითხვებს დავით ზალკალიანი პასუხობს.

 - როდესაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლავ დაუბრუნდეთ, აღნიშნეთ, რომ ამ შემთხვევაში ეს თქვენი პირადი არჩევანი იქნებოდა და არა რომელიმე პარტიის ან გუნდის...

 - ეს განცხადება იმ გარემოებიდან გამომდინარე გავაკეთე, რომ დიდი ხანია არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და ჯგუფს არ ვეკუთვნი. 2015 წლის თებერვლიდან ვხელმძღვანელობ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს, რომელიც აპოლიტიკური და პოლიტიკურად ნეიტრალური, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ვალდებულებისგან თავისუფალი ვარ. როდესაც ეს თანამდებობა შემომთავაზეს, პირველ რიგში სწორედ ეს ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი.

არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, რამაც ჩემი არჩევანი განაპირობა, რომ საგარეო სამსახურში დაბრუნებას დავთანხმებულიყავი. ეს ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და თვისობრივად ახალ გარემოს ეხება. ვგულისხმობ ახალ პრემიერს, ახალ საგარეო საქმეთა მინისტრსა და საგარეო კურსის მიმართულებით მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მთელი ეს ქმედება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობის დამადასტურებელია. მხედველობაში მაქვს ასოცირების ხელშეკრულების თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობა, ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ ტექნიკური ხასიათის არ იყო. ეს არის საქართველოსთვის ძალიან სერიოზული გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყანა ერთგულია იმ ფასეულობების, რასაც ევროპული არჩევანი ჰქვია. ასევე, NATO-სთან მიმართებაში უელსის გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, NATO-ს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. ამ ფაქტორებმა დიდწილად განაპირობა ჩემი არჩევანი...

 1992 წლიდან კარიერული დიპლომატი გახლავართ. საგარეო საქმეთა სამინისტრში 23 წელი გავატარე. ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ საქმის ერთგული, რომელიც მიყვარს და ამ ხნის განმავლობაში ვემსახურებოდი. ესა თუ ის თანამდებობა ჩემთვის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა.

- 2014 წლის ნოემბერში დატოვეთ თანამდებობა, რადგან როგორც მაშინ აღნიშნეთ, ქვეყნის ევროპული კურსი საფრთხის ქვეშ იყო. დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ ფიქრობთ, რომ მაშინ თანამდებობის დატოვება შეცდომა იყო?

- მე არასდროს მითქვამს, რომ კურსი იცვლება. შეგიძლიათ ჩემს განცხადებებს თვალი გადაავლოთ. მაშინ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომელიც გარკვეულ საფუძველს მაძლევდა, კითხვები გამჩენოდა. თანაც მაშინ იმ პოლიტიკური გუნდის წევრი გახლდით, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. მათ წინაშე გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა გამაჩნდა. თუმცა, ზოგჯერ ძნელია იპოვო სად გადის ზღვარი სახელმწიფო ინტერესებსა და ადამიანების მორალურ ვალდებულებებს შორის.

 თუმცა, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. თანაც მაშინ ისე სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, რომ ხშირად ძნელი იყო სიტუაციის ადეკვატური შეფასება და რეაგირება. ამიტომ,უკან დაბრუნებაზე მყისიერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. მას შემდეგ, რაც მე თანამდებობა დავტოვე 14 თვე გავიდა ანუ საკმარისზე დიდი დრო იმისათვის, რომ ადამიანმა ზუსტად გაანალიზო ყველაფერი. მე თქვი, რომ კითხვები მქონდა, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ამ კითხვებზე ძალიან მყარი პასუხები მივიღე...

ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენი განცხადებების ტყვეობაში არასდროს უნდა აღმოვჩნდეთ. თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ რაღაც სწორად არ ხდება, ეს უნდა აღვნიშნოთ და ამაზე ადეკვატური რეაქცია უნდა გვქონდეს, და სწორი მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადავდგათ. პოლიტიკური მიზნის გამო არ უნდა გავჯიუტდეთ და თუნდაც პარტიის კუთვნილების გამო ჯიუტად არ უნდა დავრჩეთ იმ პოზიციაზე, თეთრზე პირდაპირ უნდა ვთქვათ რომ თეთრია. ამიტომ, მე ამაში ვერაფერს დასაძრახს ვერ ვხედავ. ისეთი ძლიერი ემოციაც ნორმალური იყო, რადგან დემოკრატიული საზოგადოებისთვის ემოციაც თანმდევია. სადაც ემოცია არ არის, იქ ავტორიტარული სახელმწიფოა. ჩვენ კი ასეთ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ... 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა...

- კახა კალაძის განცხადებით, თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოთ. თქვენი აზრით რა განმარტებას ელოდება ვიცე-პრემიერი?

- დამატებით რა განცხადება უნდა გავაკეთო, არ ვიცი...

- რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს", მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ ამ პარტიის წევრი არ ხართ, თქვენი სახელი ამ პარტიასთან მაინც ასოცირდება. გარდა ამისა, ირაკლი ალასანიამ ღიად განაცხადა, რომ თქვენ მისი გუნდის წევრად რჩებით და სულ მალე, არჩევნების შემდეგ,მთავრობაში შემოგიერთდებიან პარტიის სხვა წევრებიც...

- ირაკლი ალასანია რას გულისხმობდა ამ განცხადებაში, არ ვიცი და ეს საზოგადოებამ განსაზღვროს. წელიწადზე მეტია, რაც პოლიტიკურ პარტიას გავემიჯნე. შესაბამისად, მათ მიმართ არანაირი პოლიტიკური ვალდებულება არ გამაჩნია. აქედან გამომდინარე, მათთან არანაირი კონსულტაციები არც მქონდა. ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.

ის ფორმა, რაც ირაკლი ალასანიამ აირჩია - „ფეისბუქით" ურთიერთობის, ჩემთვის უცნაურია. მას რაიმეს თქმა თუ სურდა, პირადად შეეძლო და არა „ფეისბუქის" საშუალებით. თუმცა, იმ პოლიტიკურ ნიუანსებზე საჯაროდ მსჯელობა, რასაც ირაკლი ალასანია საჭიროდ მიიჩნევს, არ მინდა. ვთვლი, რომ ამ საკითხებზე „ფეისბუქის" პოსტებით ურთიერთობა არ უნდა იყოს. ამ ადამიანებთან განვლილი წლები მაკავშირებს, რაც ჩვენ ერთად ვიყავით და ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. მეგობრობა მეგობრობაა, ადამიანური ურთიერთობები, მაგრამ პოლიტიკა და მეგობრობა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ ჯანელიძე დიპლომატიაში გამოუცდელი კადრია, ხოლო თქვენი ამ თანამდებობაზე დანიშვნით ერთგვარი დაბალანსება მოხდება. საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს თქვენ როგორ დაახასიათებთ?

- მიხეილ ჯანელიძე კვალიფიციური და მაღალი დონის პროფესიონალია. ის ქვეყნის გულანთებული პატრიოტია. მასთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში ვიყავი ჩართული. იგივე ასოცირების ხელშეკრულების დროს, მოლაპარაკებებს ერთად ვაწარმოებდით და ის ძალიან ეფექტიანად უძღვებოდა მოლაპარაკებების იმ ნაწილს, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰქვია. მასზე მხოლოდ აღმატებით ხარისხში შემიძლია საუბარი. ის მართლაც ძალიან კარგი და გამოცდილი კადრია ჩვენი ქვეყნისთვის. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან წარმატებით გაუძღვება. მე მას გვერდში დავუდგები და ყველანაირად ხელს შევუწყობ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა საგარეო ასპარეზზე წარმატებული იყოს. ყველა ის პრიორიტეტი, რაც სამინისტროს დღეს გააჩნია, წარმატებით შესრულებული იყოს.

- როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ მოადგილეს გკითხავთ - გასული წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ვიზალიბერალიზაციის საკითხი იყო. თუმცა, წინ გარკვეული პროცედურებია გასავლელი. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ ტემპი არ დააგდოს და მიზნისკენ სვლა წარმატებით განაგრძოს?

- ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში საქართველომ წარმატებულად გაართვა თავი. ახლა პროცედურები უნდა დასრულდეს და ევროსაბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს თანმიმდევი და ეფექტური პოლიტიკის გატარება. როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს დავეხმაროთ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ მიიღონ. რადგან ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია. რაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს შეუქცევადს გახდის. არამხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ყველა მიმათულებით აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. საქართველო მუდმივად უნდა იყოს დასავლელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში. რადგან ჩვენი პრობლემების მოგვარების გზაზე, მათი ჩართულობა მთავარი ბერკეტი და მექანიზმია.

politcommersant.ge