რელიგია
საქინფორმი ილია მეორეს 83 წლის იუბილეს ულოცავს, საიდანაც 38 წელი ის საქართველოს პატრიარქია

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი.  წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საზეიმო ღონისძიებები ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფო ფილარმონიაში, 4 იანვარს ხომ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 83 წელი შეუსრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჯემალ სეფიაშვილის კონცერტი გაიმართა, რომელიც კომპოზიტორმა პატრიარქს მიუძღვნა.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია.

ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

 

 საქინფორმის მთელი ჟურნალისტური კოლექტივი დიდი სიყვარულით, სითბოთი და თაყვანისცემით ულოცავს ქართველი ერისა და სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებლის სულიერ მამას მის იუბილეს! ვუსურვებთ მის უწმიდესობას, რომ ჯანმრთელობითაც ისეთივე მხნე და ძლიერი იყოს, როგორც გონებითაა, რათა კვალავაც ეტარებინოს თავისი მრევლის ცოდვათა ჯვარი და შესთხოვოს უფალს მათი შენდობა ყველა ჩვენგანისთვის!

 პატრიარქი ილია დღეს ერთადერთი ეროვნული სიმბოლოა მართლმადიდებელი საქართველოსი, რომლის განადგურებასაც აგერ უკვე 12 წელია წარუმატებლად ცდილობენ საქართველოში გლობალისტური ლიბერტარიანული ძალები – სექტანტები და მანკიერებასა და ცოდვებში ჩამხრჩვალი დასავლეთის მიერ დაქირავებულნი.

 „დიდი საქმეა, რომ ამას აკეთებთ. ნამდვილად ეროვნულია. ძალიან გამახარა თქვენმა წამოწყებამ. თქვენი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ძვირფასია და ჩვენ ყველაფერში  მხარში ამოგიდგებით! გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“ – ასე დალოცა 2010 წლის 10 აგვისტოს პატრიარქმა ილია მეორემ საქინფორმის შემოქმედებითი კოლექტივი.