პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრო, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის შესახებ იმსჯელეს

 საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმდა, რომ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარსადგენად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა გაეგზავნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და გიორგი კვირიკაშვილს წარმატებები უსურვეს.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ და კოალიციამ პრემიერ-მინისტრობის ძალიან ღირსეული კანდიდატურა შეარჩია (ვიდეო იხ. აქ).
 „ბატონი გიორგი არის ჩემი მეგობარი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე პოლიტიკაში ერთად მოვიდოდით. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი თანამშრომლობა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და მის გუნდს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ჩემს გამოსვლაში ყველაფერი ნათელი იყო. მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობდი და სწორად შევარჩიე ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დრო. ჩემი პრინციპი ცხოვრებაში იყო ასეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი, გამარჯვებული გავსულიყავი, სადაც ვმოღვაწეობდი, ვმუშაობდი და ა.შ. ასე, რომ მე ვფიქრობ, სწორი დრო შევარჩიე. ახლა ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს დრო გვაჩვენებს“,
- განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და საპარლამენტო უმრავლესობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მან და ირაკლი ღარიბაშვილმა, ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გააკეთეს და წილად ხვდა ბედნიერება, ყოფილიყო ვიცე-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობისას. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და ეცდება, მაქსიმალურად დაიხარჯოს ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომამდე ირაკლი ღარიბაშვილს და გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა უმასპინძლა.