პუბლიკაციები
"ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა"- კვლევის შედეგებს ამჯერად ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს

1-Cislo-polit-3-analitსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. კითხვაზე, "ხვალ რომ ტარდებოდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესახებ, დაუჭერდით თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას" - 2015 წელს გამოკითხულთა 61% პასუხობს, რომ "კი", ხოლო 11% - არა. 2013 წელს კითხვაზე დადებითად კვლევაში მონაწილეთა 78% პასუხობდა, ხოლო 2011 წელს - 80%.

ევრაზიის ფონდის კვლევის მიხედვით გამოკითხულ მოქალაქეთა 61% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, მაშინ, როდესაც მათი რაოდენობა გასულ წელს 78% იყო. ამავე კვლევაში მოქალაქეებს აქვთ შიში, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის. თუ ასეთი შიში 2013 წელს გამოკითხულ მოქალაქეთა რაოდენობის 30% ჰქონდა წელს ეს მაჩვენებელი 45%.

ევრაზიის ფონდი დაინტერესდა მოქალაქეების აზრით თუ ვინ შეიძლება ყველაზე კარგად დაეხმაროს საქართველოს. გამოკითხულთა 33% ამბობს რომ - ევროკავშირი, 24% - რუსეთი, ხოლო 17% ამბობს, რომ ამერიკა.

გამოკითხულთა 61% თვლის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება არამიზნობრივად იხარჯება.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ქართულენოვანი მოსახლეობის 66%-ს სმენია, ხოლო ეთნიკური უმცირესობების - მხოლოდ 26%-ს. შესაბამისად,

ევროინტეგრაციის მიმართ ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერაც დაბალია. მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანებას ქართულენოვანი მოსახლეობის 64% უჭერს მხარს, ხოლო ეთნიკური უმცირესობების - 35%.