პუბლიკაციები
„რუსთავი 2"-ს აქვს უფლება, გააჟღერონ ის მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა, გამოხატავდეს თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს“ - იან კელი

1-ian-kelly-polit-2-analსაქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. გაზეთი "კვირის პალიტრა" საქართველოში აშშ-ს ელჩთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. იან კელი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. კითხვაზე, როგორ უნდა გაერკვეს საზოგადოება, ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებული მოვლენები პოლიტიკური პროცესია, თუ კერძო დავა, ელჩმა აღნიშნა, რომ იგი არის დიპლომატი, არ არის ამ ქვეყნის გადასახადის გადამხდელი და ამომრჩეველი.

"ამიტომ არ იქნება სწორი, სასამართლო პროცესის სამართლებრივ ბუნებაზე ვისაუბრო, რაც არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია... ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთი საერთო მიზანი გვაქვს - იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიაღწიოს მიზანს და ევროატლანტიკური სისტემის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ვთვლი, რომ ჩემი როლი იმის აღნიშვნაა, თუ რა დევს ფსონად და რა შეიძლება მოჰყვეს გარკვეულ ქმედებებს. იწყება საარჩევნო წელი (თუ უკვე არ არის დაწყებული) და ნამდვილად უცნაური იქნება წამყვანი ოპოზიციური არხის მიერ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

თუ საბოლოო შედეგი ამ ქმედებისა იქნება ის, რომ ოპოზიცია საბოლოოდ დაკარგავს წვდომას ამ სატელევიზიო არხზე ან ეს არხი ზეკრიტიკულიდან გახდება ნეიტრალური, ან კიდევ უარესი, პროსამთავრობო, ეს გამოიწვევს ეჭვს, რომ საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი თანაბარი სათამაშო ველი", - განაცხადა იან კელიმ.

კითხვაზე, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება, ამ მოსაზრებას ამყარებს ბოლოდროინდელი აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ოდესის გუბერნატორი ესაუბრება არხის გენერალურ დირექტორს იმის შესახებ, როგორ აღმართონ ბარიკადები, ელჩმა განაცხადა: "მათ უფლება აქვთ, გააჟღერონ ის მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა, გამოხატავდეს თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. გულახდილად გეტყვით - ამერიკაში გვაქვს სატელევიზიო არხები, რომელთა ყურების შედეგად ლამის გულის შეტევა მივიღო ხოლმე.

რაც შეეხება უკანონო მოსმენების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რთულია იმის თქმა, რამდენად რეალურია ეს".