უცხოეთი
რა თქვეს პუტინმა და ობამამ გაეროში (რფ-ისა და აშშ-ის პრეზიდენტების სიტყვით გამოსვლების ძირითადი თეზისები)

1-ob-put-zar-2-anსაქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2015 წლის 28 სექტემბერს, ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ისა და რფ-ის პრეზიდენტები. უკრაინის კრიზისადა სირიის ომის ფონზე ეს გამოსვლები საპროგრამოდ უნდა იქნეს მიჩნეული. პუტინმა და ობამამ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მათებური ვერსიები წარმოადგინეს, რომლებიც ბევრ რამეში ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ბარაქ ობამა

სირიის შესახებ. „ასადი ტირანია, რომელიც ბომბავს და ხოცავს უდანაშაულო ბავშვებს, დიქტატორია, რომელმაც ასობით ათასი სიცოცხლე  მოსპო. ბუნებრივია, ასეთ ადამიანთან არაფერია სალაპარაკო. რეალიზმი მოითხოვს, რომ ხელისუფლება მართულად გადავიდეს ასადიდან ახალ ლიდერსა და ინკლუზიურ მთავრობაზე, რომელიც აცნობიერებს, რომ ამ ქაოსს წერტილი უნდა დაესვას“.

უკრაინის შესახებ. „რომ შევეხოთ რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიას და მის მიერ განხორციელებულ აგრესიას უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში - გვერდზე ვერ გავდგებით, როცა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ. თუ ამას რეაგირება არ მოყვება, შეიძლება, ნებისმიერ სხვა ქვეყანას დაემართოს იგივე. სწორედ ეს გახდა ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების საფუძველი. მაგრამ ჩვენი სურვილი არ არის, დავუბრუნდეთ ცივი ომის დროინდელ მტრულ ურთიერთობებს. ამის ნაცვლად, წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი ჩართულია დიპლომატიაში და მუშაობს უკრაინასთან. საერთაშორისო გაერთიანებასთან საკუთარი ინტერესების დასაცავად, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნებოდა უკრაინისთვისაც. რუსეთისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც. ჩვენ არ გვინდა რუსეთის იზოლირება, პირიქით, ჩვენ გვინდა ძლიერი რუსეთი, რომელიც იმუშავებს ჩვენთან ერთად, საერთაშორისო სისტემის გასაძლიერებლად“.

ვლადიმერი პუტინი

სირიის შესახებ. „უკიდურესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია სირიის კანონიერი მთავრობისთვის ყოველმხრივი დახმარების გაწევა. დამასკოსთვის მხარდაჭერა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ახლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ რეალურად მხოლოდ ასადის მიმართ ლოიალურად განწყობილი ძალები და ქურთები იბრძვიან. სირიის ხელისუფლებასთან, სამთავრობო ძალებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა უდიდეს შეცდომად მიგვაჩნია. ეს ის ძალებია, ვინც მამაცურად, პირისპირ იბრძვის ტერორის წინააღმდეგ. ბოლოს და ბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტ ასადის სამთავრობო არმიისა და ასევე ქურთების ლაშქრის გარდა, სირიაში „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ რეალურად არავინ იბრძვის“.

უკრაინის შესახებ. „აუცილებელია მინსკის შეთანხმების დაცვა - მხოლოდ ასეა შესაძლებელი მშვიდობის აღდგენა. იარაღის ძალით პრობლემას ვერ გადაჭრი. აუცილებელია დონბასის მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინება და მათი არჩევანისთვის პატივისცემა“.

ყველაფერი დანარჩენის შესახებ. „აშშ ცდილობს მსოფლიო ერთპოლარულად აქციოს. ის ე. წ. დემოკრატიული რევოლუციების ექსპორტს ეწევა, თუმცა თავადაც ხედავს, რომ ამას შეედგად სოციალური კატასტროფები მოაქვს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ცუდია, რადგან ისინი გაეროს გვერდის ავლითაა დაწესებული, ასევე ეწინააღმდეგება მსო-ს ნორმებს, რომლებიც თავისუფალ ვაჭრობას გულისხმობს. სანქციები მიმართულია ასევე კონკურენტის მოშორებისკენ, რუსეთის სახით, რაც კარგ შედეგს არ გამოიღებს“.