უცხოეთი
ორი წლის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირველი პირადი მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან მარტო ვლადიმერ პუტინი გამოვიდა, თეთრ სახლში კი აღიარეს, რომ პრეზიდენტებმა ნახევარი დრო - უკრაინაზე, მეორე ნახევარი კი სირიაზე მსჯელობას დაუთმეს

1-col-zar-1-anსაქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლის შემდეგ რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერთმანეთს სრულფასოვნად და არა „გადარბენით“, ნიუ-იორკში შეხვდნენ. თითქმის 2-საათიანი შეხვედრისას მხარეებმა სირიის ომის საკითხი განიხილეს. საუბრის თემა იყო უკრაინის კრიზისი და ყირიმის საკითხიც.

ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიამ ქვეყანა იზოლაციაში ჩააგდო. ვლადიმერ პუტინმა შეხვედრას “კონსტრუქციული” და “გულწრფელი” უწოდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა. ამერიკის პრეზიდენტს, შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პუტინის თქმით, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობები გართულებულია. „რუსეთსა და აშშ–ს შორის ურთიერთობები, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ დონეზე დგას. ეს ჩემი კომენტარების გარეშეც გასაგებია. მაგრამ ეს ჩვენი ინიციატივა არ გახლავთ, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობები ასეთ დონეზე დაშვებულიყო. ეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ინიციატივაა. ვფიქრობ, ეს არ წაადგება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და მსოფლიო საქმეებს, მაგრამ ასეთი არჩევანი გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“, — განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის მზადაა ურთიერთობების სრულად აღდგენისა და განვითარებისთვის.