საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და აეროპორტიდან სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდა.
უწმინდესმა ტაძარი მოილოცა, მრევლი დალოცა და პარაკლისიც გადაიხადა.
„უფლის წყალობით და თქვენი ლოცვა-კურთხევით მშვიდობით დავბრუნდით გერმანიიდან“, - ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.
„ექიმებმა ჩაატარეს მკურნალობა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულზე. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა მოვემზადოთ ილიაობისთვის. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი გეგმურ-პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის გერმანიაში 14 ივლისს გაემგზავრა. ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მას გულის სისხლძარღვზე ინვაზიური ჩარევა ჩაუტარდა.