უცხოეთი
ღარიბაშვილმა თანაგრძნობა გამოუცხადა ფრანგ, ტუნისელ და ქუვეითელ ხალხებს, ხიდაშელმა კი რუსეთს ურჩია, მეზობლებთან ომების ნაცვლად, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული საფრთხეებით დაკავდეს

1-garibi-zar-1საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღრმა თანაგრძნობას უცხადებს ფრანგ, ტუნისელ და ქუვეითელ ხალხებს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საფრანგეთში, ტუნისში და ქუვეითში განხორციელებული  ტერორისტული იერიშების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ იმ დიდი მსხვერპლის გამო, რომელმაც საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს მოჰყვა. გულწრფელად ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე სრულიად ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს.

ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება და რომელიც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების გვერდით, რომლებიც მსოფლიოში ძალადობისა და ტერორიზმის აღმოსაფხვრელად იღწვიან.

კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვგმობ ძალადობისა და ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა კი რუსეთს ურჩია, დაკავდეს  ჩრდილო კავკასიაში არსებული საფრთხეებით და არა მეზობელ ქვეყნებთან საომარი მოქმედებებით. მისი აზრით, თუ საფრთხეებს „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან განვითარების საშუალება ექნება, შედეგები კატასტროფული იქნება ნებისმიერი ქვეყნისათვის. ხიდაშელის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოდან, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ჩრდილოეთ კავკასიაზე, ბოევიკები „ისლამური სახემწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მიემგზავრებიან, ღრამ აღშფოტების საგანს წარმოადგენს და როგორც - საქართველოს, ასევე რუსეთის მხრიდან ადექვატურ რეაგირებას მოითხოვს.

"ძალიან მძიმე დღეები იყო მთელი მსოფლიოსთვის. ჩრდილო კავკასია განსაკუთრებით, ვფიქრობ, არც აქამდე იყო ყველაზე უფრო მშვიდი ადგილი და ის საუბრები, რომელიც დღეს ჩვენ გვესმის ექსპერტების მხრიდან, ბუნებრივია გარდა ამ საუბრებისა არის კონკრეტული ინფორმაციები. დღეისათვის რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებული ხდება - არა, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოდან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო კავკასიაზე, მეომრები მიდიან მათ ძალებში საბრძოლველად, ეს უკვე ძალიან სერიოზული შეშფოთების და წუხილის საგანია, რასაც სჭირდება ადეკვატური, პოზიტიური რეაგირება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ცუდი არ იქნება, რომ რუსეთი უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს და დაკავდეს სწორედ ჩრდილო კავკასიაში საფრთხეების ერთი მხრივ შეფასებით და მეორე მხრივ მათზე რეაგირებით, ნაცვლად იმისა, რომ მეზობელ სახელმწიფოებში საომარ მოქმედებებს აწარმოებდეს. იმიტომ, რომ ეს არის საფრთხე იმ ტიპის, იმ ხარისხის, იმ მასშტაბის, რომელიც თუ მას მიეცა განვითარების საშუალება, შესაძლებელია, დამანგრეველი აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნისთვის მისი ზომის მიუხედავად. ამიტომ ყველა ერთობლივი ძალით უნდა ვიყოთ ამ საფრთხესთან ბრძოლაში ჩართული და არა ერთმანეთთან ბრძოლაში ჩართული", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.