რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ქართველი ემიგრანტები - საკვირაო ქადაგება და ყოველთა ქართველთა კონგრესის ჩატარების ინიციატივა: „როგორც მშობელი დედა, ისე მიგიღებთ თქვენ სამშობლოში!“

aqtual-2-relig-1საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ქართველი ემიგრანტების ბედი, თბილისში ჩატარებული ქართული დიასპორების პირველი პროფესიონალური ფორუმისა და ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯდომარე ელიზა აბელაშვილთან კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგაც, კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს ყოველდღიურ საფიქრალად რჩება. 21 ივნისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, უწმიდესმა და უნეტარესმა მრევლს ქადაგებით მიმართა.

 რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა ქართველებმა არ დაკარგონ ენა, სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული, ქართველობა არ დაკარგონ?.. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს, მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა კონგრესი საქართველოში და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან!”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორის ცნობით, მარტო რუსეთში სავარაუდოდ მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

ძალიან ბევრია წასული უცხოეთში, მარტო რუსეთში, ალბათ, მილიონზე მეტი... ჩვენ ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც შაჰ-აბასის დროს წაიყვანეს აქედან. ისინი ელოდებიან ჩვენს დახმარებას. ის ჩვენი სისხლი და ხორცია. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს. საქართველო ელოდება თქვენს ჩამოსვლას! როგორც მშობელი დედა, ისე მიგიღებთ თქვენ სამშობლოში!”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.