რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ამერიკამ მიზანს მიაღწია - ნატო საქართველოში დიდი გამარჯვების 70 წლისთავზე შევიდა!“ - ИА REX

1MTAVARIსანამ ყველა მსჯელობდა - რომელი ქვეყნის ხელმძღვანელები ჩავიდოდნენ 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე მოსკოვში, აშშ-მა, ხმაურისა და აურზაურის გარეშე, საქართველოში ნატო შემოიყვანა. ეს 2015 წლის 4 მაისს მოხდა - თავდაცვის ახალი მინისტრის - „ქართული ჩამოსხმის“ რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის მიერ თანამდებობის დაკავების დღეს. აი რატომ მოითხოვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 4 დღით ადრე - 30 აპრილს - ბიძინა ივანიშვილისგან, სასწრაფოდ დაენიშნა საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი, რომელმაც პოსტი საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით დაიკავა - პარლამენტის მიერ მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობაში მისი კანდიდატურის დამტკიცებამდე! სწორედ ამერიკის სტაჟიან ხელდასხმულს, და არა 2014 წლის 5 ნოემბერს დანიშნული (სულ 6 თვით) კონტრმზვერავი მინდია ჯანელიძის „გარდამავალ“ მოკრძალებულ ფიგურას უნდა გაეფორმებინა ნატო საქართველოში! აი რატომ მონათლეს მინდია ჯანელიძე მისი დანიშვნიდან მეორე დღეს საქართველოში „რუს მზვერავად“! აი რატომ განაცხადა გუშინწინ - 4 მაისს - თინა ხიდაშელმა ტელევიზიით, რომ „სიამოვნებით მიიღებს რჩევებსა და დახმარებას“ წინამორბედებისგან - ანუ, ირაკლი ალასანიასგან! აი რატომ უგულებელჰყო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსკოვში, 9 მაისის დღესასწაულზე მიწვევა!

მაშ ასე: ორშაბათს, 2015 წლის 4 მაისს, ბათუმის საზღვაო პორტის ნავსაყუდელს მიადგნენ ხომალდები, რომლებმაც საქართველოში ნატოს მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩამოიტანეს: 14 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „Bradley“, ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები და სხვა აღჭურვილობა (ვიდეო იხ. აქ).

ამერიკის არმიის ოფიციალური საიტი იუწყება: „11-დან 25 მაისამდე ვაზიანის სამხედრო პოლიგონსა და აეროდრომზე გაიმართება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის სამხედრო ძალების ერთობლივი წვრთნები კოდური სახელწოდებით „მაღალი დონის პარტნიორი“ („Noble Partner“). წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 600-ზე მეტი ამერიკელი და ქართველი სამხედრო. წვრთნები პირველად ტარდება საქართველოში და მიზნად ისახავს ქართული ასეულის დაახლოებას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან, ასევე, ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზაობის ამაღლებას“. „ამგვარი გადაადგილებები ვარნიდან, ბულგარეთიდან, შავი ზღვის გავლით ბათუმის პორტამდე ახალ შესაძლებლობებს ქმნის პარტნიორებს შორის ტრანსპორტირებისათვის“, - დასძენს აშშ-ის არმიის ოფიცერი მარკ შავენი.

ახლა კი, გნებავთ ამას „ერთობლივი წვრთნები“ უწოდეთ (ცნობილი საფარველი ამერიკელებისთვის ამგვარ შემთხვევებში, მათ შორის - ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინაში), ხოლო ვაზიანის პოლიგონს - „ნატოს სასწავლო ცენტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინსტრუქტორთა ჯგუფის მიზიდვით“, სიმართლე ერთია: „ერთობლივი წვრთნების“ დასასრულს მთელი ჩამოტანილი ტექნიკა, ნატოსა და ამერიკელი სამხედროები აქედან არსადაც არ წავლენ და ვაზიანი საქართველოში ნატოს პირველი სამხედრო ბაზა გახდება. მომდევნო კი - ახალქალაქში, „ყარსი-თბილისი-ახალქალაქი-ბაქოს“ რკინიგზის სატრანსპორტო დერეფნის უზრუნველსაყოფად.

ბათუმის პორტი კი (შემდგომში - ფოთის), რის შესახებაც აშშ-ის არმიის ზემოხსენებულმა ოფიცერმა მარკ შავენმა დუმილი არჩია, საქართველოში ნატოს პირველი სამხედრო-საზღვაო ბაზა გახდება, რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ის სამხედრო ფლოტს, გამუდმებით იმყოფებოდეს შავ ზღვაზე, რაც ახლა აკრძალულია მონტრეს კონვენციით (რომლის თანახმადაც, იმ ქვეყნების სამხედრო ხომალდები, რომლებიც შავ ზღვაზე არ გადიან, ამ აუზში 21 საათზე მეტხანს ვერ გაჩერდებიან). ამით მოიგებს თურქეთიც - ნატოს წევრი, რომელსაც ბათუმის აეროპორტი დიდი ხანია საკუთარ შიდა აეროპორტად მიაჩნია. 2021 წლისათვის კი ყავლი გაუვა ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტი - რუსეთი - საეჭვოა, „ევროატლანტიკურ“ საქართველოს გამოექომაგოს, როგორც 100 წლის წინ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: ИА REX
2015 წლის 6 მაისი
საქართველო, თბილისი

1 2
3 4