რედაქტორისგან
„ვინ არის დამნაშავე?“ საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი - ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის მიზეზებზე საქართველოში

Arn-polit-1-redaq-1ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება გასული - 2014 წლის ბოლოდან დაიწყო. 2 თვე-ნახევრის განმავლობაში (2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის 25 თებერვლამდე) ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,78 -დან 2,35 -მდე დაეცა, ანუ, 57 პუნქტით.
მთავარი მიზეზი - დასავლეთის ეკონომიკური სანქციების გამოისობით რუსული რუბლის დევალვაცია და ნავთობზე ფასების ვარდნაა, რამაც შედეგად გამოიღო რუსეთიდან საქრათველოში ფულადი გზავნილების მასის მკვეთრად შემცირება, რომლის წლიური მოცულობაც 1.5 მლრდ დოლარს შეადგენდა; ასევე, რუსეთში ქართული ექსპორტის მოცულობის შემცირება, რაც საქართველოს მთელი ექსპორტის თითქმის 40 %-ს შეადგენს (ასეთი პრეცედენტი უკვე იყო საქართველოში შევარდნაძის პრეზიდენტობისას, როცა კუპონი უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც ბეჭდებოდა).

დღეს, როცა ლარის „კუპონიზაციის“ პროცესი მიმდინარეობს, „საქართველოს №1 სტრატეგიულმა პარტნიორმა“, როგორც საქართველოში აშშ-ს ეძახიან, ასევე „დასავლეთელმა პარტნიორებმა“ - ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო სავალუტო ფონდებისა და ბანკების სახით, არაფრით შეუწყეს ხელი ქართული ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას. ამან საბოლოოდ გააქარწყლა მითი საქართველოს მოსახლეობაში, რომ ლარის კურსი „მიბმულია“ დოლარსა ან ევროზე, რომელიც ლარის მიმართ ასევე გაძვირდა (2015 წლის 24 თებერვალს 1 ევრო 2,65 ლარი ღირდა).

თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, 3 დღეში ლარის 26 პუნქტით (2,09-დან 2,35-მდე) ვარდნის სწორად ახსნა სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა სახელმწიფო რეგულირების არარსებობით, და როგორც შედეგი, შიდა სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებით. და უწინ რით იყო გამყარებული ქართული ლარი? საქართველოს ხომ არ ჰყიდის ნავთობს, აქ თიტქმის არ მუშაობს მრეწველობა, ხოლო სუსტად განვითარებული აგრარული ეკონომიკა ინტეგრირებული არ არის მსოფლიო ეკონომიკაში და, ძირითადად, საგადასახადო შემოსავლებზე დგას. გამოდის, რომ - არაფრით, და ამიტომ მისი შეუკავებელი ვარდნის შეჩერება უახლოეს ხანებში ძალიან საეჭვოა...

მეორეხარისხოვან მიზეზებს განეკუთვნება: უსაშველოდ გაბერილი სახელმწიფო აპარატი სახელმწიფო ჩინოვნიკების არაადექვატური ხელფასებითა და პრემიებით, ამჟამინდელი ეკონომიკური გუნდის არაპროფესიონალიზმი და სხვ. თუმცა, ამაში დამნაშავეა არა მარტო დღევანდელი მთავრობა, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, არამედ პირადად ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც საქართველოში არა გამართული სახელმწიფო დემოკრატიული სისტემა შექმნა, როგორც ამას  მიიჩნევენ დასავლეთში, აშშ-ში და, განსაკუთრებით, უკრაინაში, არამედ ერთი ადამიანის - დიქტატორის ხელში მოქცეული დიქტატორული რეჟიმი, რომელიც მარტოდენ დიქტატორის - თავად სააკაშვილის მიერ იმართებოდა. ამიტომ სისტემა დაინგრა, როგორც კი ქართველმა ხალხმა თავიდან მოიშორა სააკაშვილი და ის ქართულ მართლმსაჯულებას უკრაინაში გაექცა - ამავე მეთოდით მისი „რეფორმირებისათვის“...

პოლიტიკურ კრიზისი საქართველოში წინ უძღოდა ეკონომიკურს - ანუ, დაიწყო 2014 წლის დეკემბერზე გაცილებით ადრე. და კვლავ - ყველაზე ნაკლებად ამაში დამნაშავეა საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (ახალი კონსტიტუციის მიხედვით - სახელმწიფოს მეთაური), რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ „დაბალ ღობედ“ იქცა ყველასთვის - პოზიციისა და ოპოზიციისთვის, არასამთავროებისათვის, მედიისა და ექსპრემიერი ბიძნა ივანიშვილისთვისაც კი, რომელმაც ღარიბაშილი თავის ბიზნეს-სტრუქტურებში გამოზარდა და 31 წლის ახალგაზრდა კაცს პრემიერობის ესოდენ მძიმე ტვირთი დააკისრა...

პირველ რიგში, ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - ასევე პირადად საქართველოს ექსპრეზიდენტის ბრალია. მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად მისი ყველა მანკიერებისა და ავადმყოფობისა, საქართველოს ყველა პოლიტიკოსზე შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა - წასვლისას მის შემცვლელ ხელისუფლებას „შენელებული მოქმედების მიწისქვეშა ნაღმები“ დაუტოვა, რომელზეც დღეს ღარიბაშვილის მთავრობა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აფეთქდნენ. ავმა გენიამ იცის მისი ნამდვილი ფასი - თავისი ნაკლოვანების, სიმხდალის, დანაშაულების შესახებ, ამიტომ ითვალისწინებს, რომ ვერ მიიღებს თავშესაფარს მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში, გარდა საქართველოსი. და იგი მართალიც აღმოჩნდა - აშშ-მა მას უარი უთხრა ვიზის მიცემაზე და არ მოაწყო წესიერ სამსახურში, უკრაინაში კი ის დიდ საფრთხეში იმყოფება, ვინაიდან, პირველს, ბოძზე გაკრულს, კუპრსა და ბუმბულში ამოვლებულს, უკრაინელები სწორედ სააკაშვილს გაიტანენ და ზედ პოროშენკოსაც მიაყოლებენ. ამიტომ სააკაშვილმა საქმის ცოდნით მოიმზადა პლატფორმა საქართველოში ტრიუმფით დასაბრუნებლად, კერძოდ კი:

1. ივანიშვილის „მეოცნებეთა“ ახალმა ხელისუფლებამ გადაყლაპა სააკაშვილის მთავარი სატყუარა - დაყაბულდა სააკაშვილის მიერ წინდახედულად შეცვლილ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც უმთავრესი როლი პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიქტატორმა სააკაშვილმა საქართველოში შექმნა დიქტატურა, რომელიც ერთ ღერძულ პიროვნებას - დიქტატორ სააკაშვილს (ანუ თავად მას) ეყრდნობოდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო იმიტომ, რომ თავად აპირებდა პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაჯდომას 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში. ხოლო პრემიერ სააკაშვილს ვერ შეეპასუხებოდა ნებისმიერი, მის მიერ „ნაციონალებიდან“ დანიშნული პრეზიდენტი (მაგალითად, პარლამენტის ექსთავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც სააკაშვილმა ერთხელ მუცელში წიხლებით ცემა). მოვლენების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში - ანუ, საქართველოს ნებისმიერი სხვა პრემიერ-მინისტრი, გარდა სააკაშვილისა, ემსხვერპლებოდა სააკაშვილის მიერ შეცვლილ საქართველოს კონსტიტუციაში ჩადებულ ორხელისუფლებიანობას, რაც მოხდა კიდეც: უკვე 2 წელია მოწმე ვართ, როგორ ეპაექრება პრეზიდენტი მარგველაშვილი პრემიერ ღარიბაშვილს, ეჯიბრება იმაში - თუ ვინ არის მათ შორის „სახელმწიფოს პირველი პირი“ და ვისი მეუღლეა „პირველი ლედი“... ამ სიტუაციაში პრემიერმა ღარიბაშვილმა იძულებით მოახდინა პრეზიდენტისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურების, მაგალითად, უშიშროების საბჭოს, მთავრობაში დუბლირება, რამაც ისედაც „გაბერილი“ სახელმწიფო აპარატის გაზრდა გამოიწვია, უმძიმეს ტვირთად რომ დააწვა სახელმწიფო ბიუჯეტს და ხელი შეუწყო ლარის გაუფასურებას.

2. ახალი ხელისუფლება, აშშ-ის ინსტრუქციის მიხედვით, დაკომპლექტებული იყო სააკაშვილის „ნაგავით“ - ყველაზე ცუდი პოლიტიკოსებით, რომლებისგანაც სააკაშვილმა დისტანცირება მოახდინა, ფიგურებით, რომლებიც ივანიშვილის გარეშე პოლიტიკურ საცხედრეში გაიხრწნებოდნენ. ვაშინგტონმა მოატყუა ბიძნა ივანიშვილი, რომ სააკაშვილის სისტემოდან მხოლოდ ერთი სეგმენტის - შსს-ს რეპრესიების მანქანის მოშორებით ახალი ხელისუფლება შეძლებს მშვიდად ნებივრობას კოაბიტაციის სარეცელზე და, თვალის ასახვევად, დროდადრო სააკაშვილს ძებნაში გამოაცხადებს.

სააკაშვილის სტილში ექსპროპრიაციისა და რეპრესიების საშიშროების არარსებობის პირობებში, ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნების“ სუბიექტებმა - „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ალასანიასნ პარტიამ და სხვებმა, რომლებმაც ივანიშვილის ხელიდან ძალაუფლება და ნაღდი ანგარიშით დოლარები მიიღეს, ახალგაზრდა და პოლიტიკურ ინტრიგებში გამოუცდელი ღარიბაშვილი მჭიდრო ალყაში მოაქციეს, საიდანაც იგი მარტო თავს ვეღარ დააღწევს.

ამგვარად, ზემოდასახელებულ ახალი ოპოზიციურ საპარლამენტო ალიანსს, სააკაშვილის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ (პარლამენტში 45%-ით წარმოდგენილი) უნისონში, შეუძლია, მაგალითად, არ დაამტკიცოს მთავრობის ახალი შემადგენლობა, თუკი იქ არ იქნებიან „ნაციონალები“ და თავად სააკაშვილი. ამ შემთხვევაში ან პრემიერი ღარიბაშვილი, ივანიშვილის უხმო მხარდაჭერით, დაითხოვს ურჩ პარლამენტს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოაცხადებს, ანდა თბილისში, უკრაინიდან, კანონიერ საფუძვლებზე დაბრუნდება სააკაშვილი „ქართული ლეგიონით“, მოახდენს „პოლიტიკური მოტივებით უკანონოდ რეპრესირებული“ მერაბიშვილის, ახალაიასა და უგულავას სრულ რეაბილიტაციას, დააბრუნებს რა მათ შს და თავდაცვის მინისტრებისა და ქალაქის მერის თანამდებობებზე. მეტიც, მორალური ზარალისტვის მათ უზარმაზარ კომპენსაციებს გადაუხდიან იმ ფულით, რომლის ექსპროპრირებასაც სააკაშვილი ივანიშვილისგან მოახდენს.

3. ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედისგან გადმოიღო ყველაზე უარესი - ნეპოტიზმი, თუმცა, დამარცხდა სააკაშვილთან საინფორმაციო ომსა და პიარში. სააკაშვილი და მისი გუნდი ყოველდღე ნათლავდნენ ივანიშვილსა და მის დანიშნულებს „კრემლის აგენტებად“ და „რუსეთის მონებად“ - იქამდე, სანამ ეს უკანასკნელნი საბოლოოდ არ დაკომპლექსდნენ და არ დაიწყეს თავის მართლება და მტკიცება, რომ არიან არა „პრორუსულები“, არამედ „პროამერიკულები“ - უფრო მეტადაც კი, ვიდრე თავად „ნაციონალები“. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ახალი ხელმძღვანელები ცოლქმრული სექსის დროსაც კი ინგლისურად და მხოლოდ საქართველოს ევროატლანტიკური კურსის უალტერნატივობაზე ლაპარაკობენ, ისინი ვერასოდეს გაუსწრებენ ამაში სააკაშვილს - „არამზადას, თუმცა, აშშ-ის არამზადას“. მეტიც - პრემიერ ღარიბაშვილს იოლად აჯობა ამაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც, რომელიც კიევში „ღირსების მარშზე“ ჩაფრინდა და სააკაშვილსა და პროშენკოს გვერდით ამოუდგა.

4. ახალმა ხელისუფლებამ არა მარტო არ შეასრულა ქართველი ხალხის მთავარი მოთხოვნა - რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, რასაც შედეგად აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნება მოჰყვებოდა, არამედ უფრთხის ყველა სფეროში იმ სპეციალისტისკენ გახედვასაც კი, რომელსაც პუშკინი ორიგინალში აქვს წაკითხული! აქ მათ სააკაშვილსაც კი გაასწრეს, რომელიც პუტინს პუშკინისგან არჩევს, და აბსოლუტურად არაადექვატური ლოზუნგი გამოაცხადეს: „ჩვენ პიარი არ გვჭირდება - საქმე სიტყვების ნაცვლად!’ (გახსოვთ სახელგანთქმული „სსრკ-ში სექსი არ არის!“?).

თუმცა, ხალხი რატომღაც მადლიერი არ არის ახალი ხელისუფლებისა იმისთვის, რომ ის არ აშენებს შადრევნებს და არ აწყობს მიშასავით მოედნებზე ჰოლივუდურ შოუებს მოწვეული უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით, რადგან სანაცვლოდ არაფერს იღებს! მეტიც - იღებს კიდევ უფრო დიდ უმუშევრობას, ახალ საგარეო ვალს 1,5 მლრდ დოლარის ოდენობით, რომელიც შარშან „მორცხვად“ აიღო ახალმა ხელისუფლებამ, წინასაარჩევნო პერიოდში ამისათვის სააკაშვილს რომ აკრიტიკებდა! ხალხმა მიიღო ზედიზედ ორი  - 2013 და 2014 - წლის განმავლობაში შეუსრულებელი სახელმწიფო ბიუჯეტი და ეროვნული ვალუტის არნახული ვარდნა ზემოჩამოთვლილი მიზეზებით.

5. ქართველი პატრიოტებისგან დისტანცირებულმა ახალმა ხელისუფლებამ არ განაახლა არა მარტო სასამართლოები და ძალოვანი სტრუქტურები, არამედ მთელი დიპკორპუსიც! საქართველოს ყველა დიპლომატი საზღვარგარეთ, ელჩებითა და კონსულებით დაწყებული და საელჩოების რიგითი თანამშრომლებით დამთავრებული, არიან მიხეილ სააკაშვილისა და იქ მათი დამნიშვნელი სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები, აგიტატორები და პროპაგანდისტები! საქართველოს ყველა საელჩო უცხოეთში - „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა უბნებია! განა არ იცის ამის შესახებ ახალმა ხელისუფლებამ? განა ეს მხოლოდ „შავი პიარია“ და არა საქართველოს, მისი სახელმწიფოებრივი ინტერესების ღალატი და საბოტაჟი? რატომ ეძებენ ყველგან ქართული სახელმწიფო უშიშროების სამსახურები რუს ჯაშუშებს  და რატომ არ დაუპატიმრებიათ დღემდე სააკაშვილის სამსახურში მყოფი არცერთი დიპლომატი? და რატომ აძლევენ თავს პოლიტიკური გამოხდომების უფლებას საქართველოს ელჩები - გინდაც, უკრაინაში და გინდაც აშშ-ში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით? სააკაშვილის ტრადიციებისამებრ, რუსეთის ცრუ, სავსებით დაუსაბუთებელი კრიტიკისა და განცხადებებისა საქართველოს ურყევი საგარეო ევროატლანტიკური კურსის შესახებ „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“?!

ვფიქრობ, კითხვას - „ვინ არის დამნაშავე?“ - ვუპასუხე, ხოლო „რა ვიღონოთ?“ დაე ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, თუკი კვლავაც აქვს ამბიცია, „ქართველად“ იწოდებოდეს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 26 თებერვალი
საქართველო, თბილისი