რედაქტორისგან
„ბატონო ირაკლი, ჩემი ჯგუფი მზად არის დაიწყოს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება პარალელურ რეჟიმში!“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს

1-Gosp-pol-2-red-2საქართველოს პრემიერ - მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ - მინისტრო!
2015 წლის 20 იანვარს დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც იური ვაზაგაშვილის სიცოცხლე შეეწირა, სერიოზული პრობლემები შექმნა ქვეყნის მასშტაბით და უკვე მიიღო ისტერიული სახე. პროცესები შესაძლოა გადავიდეს უმართავ რეჟიმში, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს გამოძიების ნაკლებეფექტურობა და საზოგადოების მზარდი ინტერესი.

პროფესიონალ ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა ჯგუფის სახელით მოგმართავთ თქვენ, არა მხოლოდ როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არამედ როგორც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირს, შემდეგი წინადადებით:

ჩვენი ჯგუფი მზად არის, დაიწყოს აღნიშნული დანაშაულის გამოძიება პარალელურ რეჟიმში, რისთვისაც, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, საჭიროა რამდენიმე პირობის დაცვა:

1. ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის შესახებ გეცნობებათ მხოლოდ თქვენ. კონფიდენციალურობის რეჟიმი შენარჩუნდება გამოძიების დასრულებამდე და უვადოდ გაგრძელდება გამოძიების დასრულების შემდგომ. ამ პირობის დარღვევა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფის ყველა წევრისა და ჩემი - ჯგუფის ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში;

2. ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს დანაშაულის ადგილზე მოპოვებული ნივთმტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები. აღნიშნული ინფორმაციის ჯგუფის წევრების მიერ გაუთქმელობის საგარანტიოდ თითოეულის მიერ დადებული იქნება ვალდებულების პირობა, რომლის დარღვევა ავტომატურად გამოიწვევს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას;

3. საქმის გამოძიების ვადა განისაზღვრება ერთი თვით;

4. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში მოგეწოდებათ პირადად თქვენ;

5. გამოძიების ვადის დასრულებამდე თქვენ მიერ უნდა გამოცხადდეს მემორანდუმი აღნიშნულ თემაზე ცალკეულ პიროვნებათა, მოქალაქეთა ჯგუფების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ინიცირებული მიტინგების, მანიფესტაციების და სხვადასხვა ტიპის მასობრივი აქციების გამართვისგან თავშეკავების მოთხოვნით.

ბატონო პრემიერ - მინისტრო,

გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი წინადადება, ვინაიდან მაღალი ალბათობით გვაქვს სიმართლის დადგენის შესაძლებლობა, რითაც შევძლებთ გარკვეული წვლილის შეტანას ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

ღრმა პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი და დირექტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
26 იანვარი 2015 წელი
№ 007/გ