უცხოეთი
როგორ აისახება საქართველოზე რუსული რუბლის გაუფასურება - რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 20%-ით შემცირდა, რაც წელიწადში 1.5 მლრდ-ს შეადგენს

1zarub-1-analitსაქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. წლეულს რუსული რუბლი თითქმის 60%-ით გაუფასურდა. 1998 წლიდან ეს რუბლის ისტორიაში ყველაზე დიდი გაუფასურებაა. რუსეთის ნაციონალურმა ბანკმა 2 მლრდ დოლარის ღირებულების რეზერვი სავალუტო ბაზარზე რუბლის საყიდლად გამოიყენა. შესაბამისად, გაიზარდა რუსეთის სახელმწიფო ვალიც, რომლის 80% დოლარებშია დენომინირებული და 60 მლრდ დოლარს უდრის.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ყველაზე მეტად მიმდინარე კრიზისი საქართველოს ფულადი გზავნილების არხით შეეეხება. როგორც ცნობილია, იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ფულადი გზავნილების გადმორიცხვა ხორციელდება, რუსეთი უპირობო ლიდერია და იქიდან საქართველოში 2013 წელს თითქმის მილიარდ-ნახევარი დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს. გასულ წელს საშუალო ყოველთვიურმა გადმორიცხვებმა 123 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბრის მდგომარეობით, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, გადმორიცხვების ნაკადი 20%-ით შემცირდა და 104.2 მლნ დოლარს მიაღწია.

ფულადი გზავნილები საქართველოსთვის საერთაშორისო ვალუტის მნიშვნელოვან წყაროსა და ბევრი ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მიმდინარე პროცესების გამო შემოსავლები შეუმცირდებათ, მოსალოდნელია ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი შემცირება ამ ქვეყნიდან. ამასთან, რუსულ ბანკებში უკვე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები უცხოური ვალუტის გაცემაზე. კერძოდ, „სბერბანკში“ შესაძლებელია მხოლოდ 2000 დოლარის ყიდვა, ისიც დილით ადრე.

რუსეთში მომხდარი მოვლენები საქართველოზე ზეგავლენას მოახდენს ექსპორტის კონტექსტშიც. განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათ-სანოვაგის ექსპორტიორებს დააზარალებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სრულ ექსპორტში რუსეთს მხოლოდ 10% უკავია, ჯამურად ეს 242.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ექსპორტიორებს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის რეკომენდაცია ეძლევათ, რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ამ მიმართულებით ალტერნატიული ბაზრების მოძებნა გაცილებით რთული იქნება.