უცხოეთი
„კონფლიქტი უკრაინაში, ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რფ-ს მომიჯნავე სახელმწიფოების ტერიტორიებზე შეიარაღებული კონფლიქტის წარმოქმნა და ესკალაცია”

1-zarub-1-analit-10საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2014 წლის 26 დეკემბერს დაამტკიცა რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა. მასში გაფართოებულია რფ-სთვის შიდა და საგარეო საფრთხეების ჩამონათვალი, რომელთა რიცხვშიც ამიერიდან შედის კონფლიქტი უკრაინაში, აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებისთვის აქტიური ღონისძიებები. ძირითად საგარეო სამხედრო საფრთხეებს მიეკუთვნება „რფ-სა და მისი მოკავშირეების მომიჯნავე სახელმწიფოთა ტერიტორიებზე შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნა და ესკალაცია“. საფრთხეების სიაში შედის მეზობელ სახელმწიფოებში ისეთი რეჟიმების დამყარება, რომელთა მოღვაწეობაც რუსეთის ინტერესებს ემუქრება და უცხოური სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობა.

ძირითად შიდა სამხედრო საფრთხეების ნაწილში გაჩნდა პუნქტი „საინფორმაციო ზეგავლენა მოსახლეობაზე, პირველ რიგში ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებზე, რომლის მიზანიც სამშობლოს დაცვის სფეროში ისტორიული, სულიერი და პატრიოტული ტრადიციების ამოძირკვაა“.

რუსეთის სამხედრო დოქტრინის ახალ რედაქციაში გაჩნდა ცნება „არაბირთვული შეკავება“. რფ-ის უშიშროების საბჭოს საიტზე განთავსებული ცნობის თანახმად, არაბირთვული შეკავების ცნებაში იგულისხმება ზოგადი დანიშნულების ძალების საბრძოლო მზაობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება.

როგორც დოქტრინის ძველ ვარიანტში, ახალ რედაქციაშიც აღნიშნულია, რომ „რფ უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მისი და (ან) მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენების საპასუხოდ, ასევე, რფ-ის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როცა საფრთხის ქვეშ დგება თავად სახელმწიფოს არსებობა“. ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი, აღნიშნავს „ინტერფაქსი“.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინის პრინციპულად თავდაცვითი ხასიათი უცვლელი დარჩა ამ დოკუმენტის ახალ რედაქციაშიც. თუმცა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი თავის უსაფრთხოებას „თანმიმდევრულად და ხისტად“ დაიცავს.