რელიგია
გავწმინდოთ საპატრიარქო - გავათავისუფლოთ პატრიარქი! საქართველოს პატრიარქი ისევ „ნაციონალების“, ნაციონალ-მეუფეების, ლიბერტარიანელებისა და აშშ-ის სპეცსამსახურების ტყვეობაშია! ილია II: “მე ვლოცულობ რუსეთისათვის” - საქინფორმის საგანგებო განცხადება

1-OCistim-saz-2-rel-1რუსეთის სამთავრობო გაზეთმა Российская газета გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ინტერვიუ, რომელიც მან «Российская газета» - ს კორესპონდეტს ალექსანდრე იაროშენკოს მისცა. ქვემოთ გთავაზობთ გამოქვეყნებული მასალიდან ამონარიდს - პატრიარქის სიტყვებს:

,,რას ნიშნავს დღეს ჩემთვის რუსეთი? იმას, რასაც ნიშნავდა ყოველთვის. რუსეთი - ეს არის ქვეყანა, რომელიც ეძებს საკუთარ ჭეშმარიტ გზას. სწორედ იქ მივიღე მე სასულიერო განათლება, დავამთავრე მოსკოვის სასულიერო სემინარია და აკადემია. იქ ჩამოყალიბდა ჩემი მსოფლმხედველობა, საბოლოოდ იქ მოხდა ჩემი სულიერი მდგომარეობის ფორმირება. მე დიდ პატივს ვცემ რუსეთს, მე ვლოცულობ რუსეთისათვის.

იცით, რწმენა - ეს არის ყოველივეს საფუძველი. საქართველოს და რუსეთს ერთი რწმენა აქვთ, მაგრამ ჩვენ ჩამოვშორდით ერთმანეთს. მე ეს ძალიან მამწუხრებს. ჩვენი ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ დიალოგს, ეს გარდაუვალია. საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ჩვენი ხალხები ერთმანეთს დააშორონ, მაგრამ ღვთის წყალობით, მათ ეს არ გამოსდით.

მჯერა, რომ ჩვენი რუსი და ქართველი ხალხები იპოვნიან საკუთარ თავში ძალას და სიბრძნეს, რათა შეჩერდნენ და შეხედონ ერთმანეთს. ის, რაც გვაერთიანებს, ძებნას არ საჭიროებს, ის აშკარაა. არ შეიძლება კვლავაც ერთმანეთისგან გაქცევა, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ პატიება, გავაკეთოთ დასკვნები და დავიწყოთ დიალოგი.

მართლმადიდებლებმა არ უნდა დაბომბონ სხვა მართლმადიდებლები, აუცილებელია, ჩვენი პოლიტიკოსები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მოილაპარაკონ. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. გადაეცით რუსეთში ჩემი თბილი სურვილები, რათა იყოს სიკეთე და კეთილდღეობა“.

"Российская газета"-ს ჟურნალისტმა ალექსანდრე იაროშენკომ ილია მეორეს საათი აჩუქა, პეტერბურგის ყაზანის მონასტრის მოხაზულობით, რაზეც ილია მეორემ მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ძალიან უყვარს პეტერბურგი და სურს, საქართველოს და რუსეთის დრო ერთმანეთს ემთხვეოდეს.

ამ ფაქტს საქართველოში არა მარტო ანტისახელმწიფოებრივ წრეებში დიდი სკანდალი მოყვა, არამედ საპატრიარქოს შეშინებულ - აღშფოთებული სამარცხვინო განცხადება:

"ამა წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან იყო ჟურნალისტი რუსეთიდან (ციმბირიდან) ალექსანდრე იაროშენკო, რომელიც მოვიდა დასალოცად და არა ინტერვიუს ასაღებად. მოულოდნელად მან ხმის ჩამწერი მოიმარჯვა და მის უწმინდესობას კითხვით მიმართა. საუბარმა დაახლოებით სამ-ოთხ წუთს გასტანა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დანანებით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობა მიუღებელია, რომ მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება იყოს, მით უმეტეს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასთან; ბრძანა ისიც, რომ ვიდრე აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაბრუნდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებში, ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნორმალური ურთიერთობა ვერ აღდგება.
მისი უწმინდესობის სახელით გამოქვეყნებული ტექსტის ძირითადი ნაწილი კი, ჟურნალისტური ინტერპრეტაციის შედეგია. შედარებით რეალობას ბოლო აბზაცი წარმოადგენს: ,,Одни православные . . . и благополучия".

საქინფორმი საგანგებოდ აცხადებს: როგორც ხედავთ, ძვირფასო თანამემამულენო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ისევ „ნაციონალების“, ნაციონალ - მეუფეების, ლიბერტარიანელებისა და აშშ-ის სპეცსამსახურების აგენტების ტყვეობაშია, რომელთა ვინაობა, მათ შორის - მის უახლოესი გარემოცვიდან, ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია კარგად ცნობილია!

მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა უნდა აიმაღლოს ხმა,  რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ეს ორპირობა და ილია მეორის საშინელი მრავალწლიანი ტანჯვა - წამება! გავწმინდოთ საპატრიარქო - გავათავისუფლოთ პატრიარქი!

 

საქინფორმი
2014 წლის 3 ნოემბერი
საქართველო, თბილისი