რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ქალბატონო ეკა ბესელია! რეპრესირებულებს, რომლებიც 2012-2013-2014 წლებში დაამცირეთ, ახალ კომპენსაციებს თქვენი ჯიბიდან გადაუხდით?!“

gospoZa-pol-1-red-1ქალბატონო ეკა!
ამბობენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თქვენი სენსაციური გამოსვლის შემდეგ ნობელის პრემიაზე წარგადგენენ „ინგლისური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“, თუმცა ეს ნაკლებად მაინტერესებს. მე მაინტერესებს თქვენი განცხადება, რომელიც სტრასბურგიდან დაბრუნებულმა გუშინწინ გააკეთეთ: „ევროსაბჭოს რეკომენდაციით, რეპრესირებულებს ამიერიდან მეტ, ღირსეულ კომპენსაციებს გადავუხდით!“, - ამაყად განაცხადეთ თქვენ ტელეეკრანიდან. თუმცა, ევროპული დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების განსახიერებად თქვენ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჩვენთვის ვერ იქეცით და საქმე აქ თქვენი, როგორც იურისტის, დაბალი კვალიფიკაციასა და, როგორც ამბობენ, წარსულში საკმაოდ საეჭვო იურიდიულ პრაქტიკაში როდია, რომელიც ახლა ასევე არ მაინტერესებს.

მე მაინტერესებს კონკრეტული საკითხი: და რა ეშველებათ იმ რეპრესირებულებსა და მათ ხანდაზმულ შთამომავლებს, რომლებიც 2012, 2013 და 2014 წლებში არქივებისა და სასამართლოების რიგებში იდგნენ, დახარჯეს თავისი მათხოვრული პენსიები ადვოკატებზე და მიიღეს აბუჩად ამგდები კომპენსაციები 100, 200, მაქსიმუმ - 400 ლარის ოდენობით?! განა ამ წლებში თქვენ ხელისუფლებაში არ იყავით ამავე თანამდებობაზე? და განა ევროსაბჭომ საქართველოს ეს რეკომენდაციები დღეს, თუ ჯერ კიდევ 2011 წელს მისცა?! რა უნდა ქნას დედაჩემმა - „ტროიკის“ დადგენილებით დახვრეტილი და მერე რეაბილიტირებული, წითელი არმიის პოლკოვნიკის ქალიშვილმა, რომელიც მოსამართლემ (სხვათა შორის, სტალინის საზოგადოების თავმჯდომარის ქალიშვილმა!) 400 ლარად შეაფასა, ადვოკატსა და აუცილებელ ცნობებზე კი 700 ლარზე მეტი დავხარჯეთ?! ჩვენი უფასო ადვოკატი იქნებით და თქვენი ინსტრუქციების შემსრულებელი ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას რეპრესირებული ბაბუაჩემის კომპენსაციის შესახებ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებთ, ქალბატონო ეკა?! მათ ხომ, ვინც ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები სტრასბურგში გაასაჩივრა, ათობით ათასი ევროს კომპენსაცია მიიღეს!

ან იქნებ, აპირებთ ყველასთვის ძველი და ახალი კომპენსაციების სხვაობის გადახდას საკუთარი ჯიბიდან?! ამბობენ, რომ თქვენ, ფოთის მაჟორიტარი, ძალიან მდიდარი ქალი ხართ, რადგან აკონტროლებთ მთელ ბიზნესსა და პორტს ფოთში, მაგრამ ეს ჯერ არ მაინტერესებს... მე, ისევე, როგორც საქინფორმის მრავალრიცხოვანი მკითხველები, ჩვენს რედაქციაში რომ დარეკეს, თქვენს პასუხს ველოდებით!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 8 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი