პოლიტიკა
ეკა ბესელია: ’’ქართველი ხალხი აიღებს ინიციატივას ხელში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იქნება’’

eka-beselia25 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას ეკა ბესელია და მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს’’ შეუერთდებიან. აქციაში მონაწილეობის მოტივს ეკა ბესელია საქინფორმთან საუბარში ასე ხსნის: ,,ეს იქნება ისტრიული მნიშვნელობის დღე, როცა წლების შემდეგ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. აქ არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ დღეს თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენებენ. საზოგადოება დასვამს ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხს. ამიტომ მე ვუერთდები ამ აქციას როგორც ქვეყნის მოქალაქე. ის, რომ ღია ცის ქვეშ ტარდება კრება და ამ ხალხს არ აქვს დარბაზი შეკრებისთვის, იმაზე მიუთითებს, რომ ავტორიტარული რეჟიმი მეფობს ქვეყანაში. ყველგან, სადაც ამ მასშტაბის კრება იმართება, საზოგადოების ნაწილს აქვს საშუალება, დარბაზში, დახურულ შენობაში, შეიკრიბოს. ხელისუფლებამ სპორტის სასახლის არდათმობით დაამტკიცა, რომ ის არადემოკრატიულია. ხალხი არის ხელისუფლების წყარო და სწორედ ხალხს გააჩნია რესურსი, შეცვალოს ის. 25 ნოემბერი დაგვანახებს, არის თუ არა ქართველი ხალხი მზად, შეცვალოს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი დღეს ამისთვის მზად არის და სწორედ ის აიღებს ინიციატივას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იქნება.