პოლიტიკა
პარლამენტის წინ 25 ნოემბერს ,,ეროვნული საბჭო’’ ’’წარმომადგენლობით სახალხო კრებასთან’’ ერთად გავა

dzidziguri_zviad"ეროვნული საბჭო" 25 ნოემბერს წარმომადგენლობით სახალხო კრებას შეუერთდება. როგორც საქინფორმს "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, საბჭომ ეს გადაწყვეტილება ეროვნული კრების საინიციატივო ჯგუფთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიიღო. "ეროვნული საბჭო" ყოველთვის ოპოზიციური რესურსების გაერთიანების მომხრე იყო. წარმომადგენლობით სახალხო კრებას განვიხილავთ, როგორც საზოგადოებისა და ოპოზიციის ჩინებულ პროექტს; ამდენად, მონაწილეობას მივიღებთ კრების მუშაობაში. ჩვენ ხალხთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ჩავერთვებით იმ საჭირბოროტო საკითხების განხილვაში, რომლებიც წარმომადგენლობითი სახალხო კრების წინაშე დგას და ,,ეროვნული საბჭოს’’ მხრიდან იქნება ყველა ის პროექტი და ინიციატივა მხარდაჭერილი, რომელთაც ’’წარმომადგენლობითი სახალხო კრება’’ გაახმიანებს,’’ - განაცხადა ძიძიგურმა. მისი თქმით, ’’წარმომადგენლობით სახალხო კრებას’’ გააჩნია რესურსი სერიოზული გეგმების განსახორციელებლად. თუმცა ძიძიგური თვლის, რომ 25 ნოემბერი არ იქნება პროცესის დასასრული და ამის მოლოდინი არც ხალხს არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ამ პროცესს ეყოლება მუდმივი მმართველი - ხალხი. ,,მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე ცხელ გულზე დაიყვირებს ,,მიშა წადი’’ და ისიც წავა. ასე არ იქნება, თუმცა ’’კრებასა’’ და ხალხს გააჩნია იმის ძალა და რესურსი, რომ მიშა ხელისუფლებიდან გაუშვან’’.