პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: როდესაც რაიმეს ვითხოვთ, აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს უეცრად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას

soso-ciskarishvili2,,წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ საინიციატივო ჯგუფის წევრი და ექპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ 25 ნოემბერს შეკრება პარლამენტის წინ აუცილებელია, მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით კი - ცოტა ნაჩქარევი. ექსპერტის აზრით, 25 ნოემბერი არ იქნება რაიმე კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული, მას უფრო ხანგრძლივი ქმედებების მიმართ განაცხადის ფუნქცია ექნება. ,,დარწმუნებული ვარ, რომ გამომდინარე დემოკრატიის იმ ხარისხიდან, რაც ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებობს, ''სახალხო კრების'' ინტიტუტი უნდა არსებობდეს, განურჩევლად ხელისუფლების დემოკრატიულობის ხარისხისა. ეს არაა მხოლოდ ერთი ხელისუფალის პირობებში აუცილებელი ინსტრუმენტი. ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება დაიჯეროს საკუთარი უფლება ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და, შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობა იკისროს იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს’’.
- კრების საინიციატივო ჯგუფის წევრები 25 ნოემბერს აპირებენ გაახმიანონ მოთხოვნები, რომელთა შორის ერთ-ერთი იქნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დროულია და პოლიტიკური ვითარების ადეკვატური ეს მოთხოვნა?
- მოგეხსენებათ, მოთხოვნას, ისევე, როგორც ოცნებას, კაცი არ მოუკლავს, ამიტომ მოთხოვნა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ, როდესაც რაიმეს ვითხოვთ, აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვს უეცრად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ქართული საზოგადოება დღეს არ არის მზად რაიმე ტიპის სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, შესაბამისად, მოთხოვნა არ არის მყისიერი რეაგირებისთვის მომზადებული. ერთხელ ასეთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია დღევანდელი ხელისუფლების მიერ და თანაც - წარმატებულად, გაიმარჯვა. ამის გამოცდილება გააჩნია, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზციას.
- მიიღებს ეს შეკრება პერმანენტულ ხასიათს?
- არ ვარ დარწმუნებული. ეს უნდა იყოს, ჩემი აზრით, საქმიანი სამუშაო ასპარეზი ყველა მიმართულებით, რომელსაც ჩვენ გავიაზრებთ, როგორც პრობლემას. შეიქმნება გარკვეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც, ძირითადად, საქმეზე და შედეგზე იქნებიან ორიენტირებულები და არ დაკმაყოფილდებიან მხოლოდ მოთხოვნების წამოყენებით.