რელიგია
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისთვის გაწეული ღვაწლისთვის
blagodarnost-polit-1-relig-საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმს დაესწრო, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 
მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში ყურადღება მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და საქართველოში ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიციებზე გაამახვილა. "საქართველოს მთელი ისტორია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და ქრისტიანულ კულტურაზე დგას. მართლმადიდებლობა იყო ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვებდა ქართველ ერს, მის სულიერებას. მართლმადიდებელ სარწმუნოებას ემყარებოდა ყოველთვის ქართველი კაცის მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი. სიყვარული, მშვიდობიანი თანაარსებობა, შემწყნარებლობა, სათნოება, თანაგრძნობა - ეს იყო ის ღირებულებები, რაზეც იდგა და რამაც გადაარჩინა მცირერიცხოვანი, მუდმივად მტრის გარემოცვაში მყოფი ჩვენი ერი. სწორედ ამ ღირებულებების ერთგულებამ გახადა საქართველო ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ნაწილი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისთვის გაწეული ღვაწლისთვის.