რედაქტორისგან
“თუ მოინდომებს, რატომაც არა”, - რუსეთის პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, ხოლო მარგველაშვილს უნდა, მაგრამ არ შეუძლია, ანუ როგორ დადასტურდა კიდევ ერთხელ საქინფორმის პროგნოზი

prez-rosii-pol-2საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა გამართა 2014 წლის სოჭის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და ჩატარების საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებთან. შეხვედრა სოჭის მედიაცენტრში გაიმართა, რომელიც გახსნილია ოლიმპიურ თამაშებზე აკრედიტაციის არმქონე ჟურნალისტებისთვის.

შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის პრეზიდენტი მედიაცენტრს გაეცნო, რომლის დათვალიერების დროსაც ერთ-ერთმა იქ მომუშავე, ოლიმპიადაზე აკრედიტაციის არმქონე ქართველმა ტელეჟურნალისტმა (ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კონტროლქვეშ მყოფი ტელეარხები “რუსთავი 2”, “იმედი”, “მაესტრო”) შეკითხვა დაუსვა - ხომ არ აპირებს ის საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას?

“თუ ის მოინდომებს, რატომაც არა” - უპასუხა ვლადიმერ პუტინმა ქართულ ტელევიზიას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპერატიულად გამოეხმაურა პუტინის წინადადებას და განაცხადა, რომ “ამაზე სერიოზულად იფიქრებს და ამხანაგებს მოეთათბირება”, საქინფორმმა ჯერ კიდევ 6 თებერვალს, პუბლიკაციაში “არ გაბედოთ ვაშინგტონთან ვაჭრობა!” - აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სოჭში ოლიმპიადაზე გამგზავრება აუკრძალა, გამოთქვა პროგნოზი - რატომ არის ასეთი შეხვედრა აბსოლუტურად გამორიცხული.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა (ბუნებით - ლოიალურმა და ტოლერანტულმა ადამიანმა, რუსული კულტურის, ლიტერატურისა და ენის ღრმად მცოდნემ) მეორე დღესვე, 7 თებერვალს, ქართული ტელევიზიით უარყო მისი მხრიდან სოჭში გამგზავრების და იქ პუტინთან შეხვედრის განზრახვა, რითაც ირიბად უპასუხა საქინფორმს და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი პროგნოზი.