რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სააკაშვილის ტრადიციებს აგრძელებს!” - რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქინფორმის მთავარ რედაქტორს უპასუხა

polit-1-redaq-1-tradiciaპატივცემულო მკითხველო! როგორც გახსოვთ, 2014 წლის 17 იანვარს საქინფორმმა გამოაქვეყნა საქინფორმის მთავარი რედაქტორის ა. ა. ხიდირბეგიშვილის ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტს ვ.ვ. პუტინს “რატომ არ მიიწვიეს სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი ჟურნალისტები?”, რომელიც მთავრდებოდა სტრიქონებით: “ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! რატომ დაგვივიწყეს ჩვენ დღეს? რასთან გვაქვს საქმე - ზოგიერთი რუსი ჩინოვნიკის დაუდევრობასთან თუ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან პირადად ჩემთვის - ქართველი ჟურნალისტის, პუბლიცისტის, პოლიტოლოგისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების ხელმძღვანელისათვის - გაუგებარი მოტივებით?”

 სასიამოვნოდ გაგვაოცა ოპერატიულობამ, რომლითაც რფ-ის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის ადმინისტრაცია ჩვენს მიმართვას გამოეხმაურა - მესამე დღეს, 2014 წლის 20 იანვარს, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ოფიციალური წერილი მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან, რომელშიც იუწყებოდნენ, რომ მოცემული მიმართვა “განხილული იქნა და გადაეგზავნა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ობიექტური და ყოველმხრივი განხილვის მიზნით”, თხოვნით - განხილვის შედეგების შესახებ ჩვენი ინფორმირება მოახდინონ.

და აი დღეს, 2014 წლის 29 იანვარს, რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს ოფიციალური წერილით უპასუხა (იხ. ქვემოთ)

ირკვევა, რომ ამაში დამნაშავე არ არიან არც რუსეთის ხელისუფლება, არც რუსი ჩინოვნიკები და არც “რია ნოვოსტი”, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წლის თებერვალში, 2014 წლის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, სოჭში მიიწვია გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ტელეარხ “ობიექტივის” თანადამფუძნებელი და საავტორო გადაცემის წამყვანი ბონდო მძინარაშვილი და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი - გენერალური დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

დღეს ირკვევა, რომ დამნაშავეა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (ეოკ), რომელმაც კულუარულად, როგორც ეს ხშირად ხდება ჩვენთან საქართველოში, უკვე დიდი ხანია შეარჩია ჟურნალისტები, რომლებიც სოჭის ოლიმპიადაზე წავლენ (დაახლოებით ისევე კულუარულად, როგორც ეს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ხდებოდა, როდესაც მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონება ფორმალურად აუქციონზე გაჰქონდათ და ამის შესახებ საუწყებო გაზეთში იტყობინებოდნენ, რომლის მიზერულ ტირაჟს მაშინვე ყიდულობდნენ წინასწარ შერჩეული ნაციონალ-მყიდველები).

ზემოთქმულთან დაკავშირებით საქინფორმი აცხადებს:

1. ბ. მძინარაშვილი და ა. ხიდირბეგიშვილი არ არიან სპორტული კომენტატორები სპორტის ზამთრის სახეობებშიი - ისინი ქართველი ჟურნალისტები და პუბლიცისტები არიან, რომლებიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საკუთარი თავისა და ახლობლებისთვის რისკის ფასად, სოჭში გაფრინდნენ და იქიდან დაბრუნების შემდეგ პუბლიკაციების სერიაში მოუთხრეს მკითხველს სიმართლე სოჭის ოლიმპიადისთვის მზადების და იმ სტუმართმოყვარეობის შესახებ, რომლითაც იქ ქართველები მიიღეს. ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში, რისთვისაც სააკაშისტურ საქართველოში შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გავხდით. ამისთვის ხომ არ გაგვიკეთა დღეს იგნორირება საქართველოს ეროვნულმა ლიმპიურმა ომიტეტმა, რომელმაც სააკაშვილის ტრადიციები გააგრძელა და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო? არიან თუ არა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ შერჩეული ჟურნალისტები პროფესიონალები სპორტის ზამთრის სახეობებში და რატომ არ დაგვიჭირეს მაშინ მხარი ჩვენ, მათ კოლეგებს, ბევრწილად ვისი წყალობითაც მიემგზავრებიან დღეს ოლიმპიადაზე? იქნებ იმიტომ, რომ მაშინ ისინი სააკაშვილის ხელისუფლების აშკარა მომხრეები იყვნენ, როგორც, მაგალითად, “საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებელი”, რომელსაც დღეს საკუთარი ხელმძღვანელობა ვერაფრით აურჩევია?!

2. ბ. მძინარაშვილი და ა. ხიდირბეგიშვილი მიზნად არ ისახავდნენ ნებისმიერ ფასად სოჭის ოლიმპიადაზე დასწრებას - ვფიქრობ, ცნობილ ქართველ ჟურნალისტებს თამაშებზე აკრედიტაციის თხოვნით უცხოური სააგენტოებისთვის (იმავე “რია ნოვოსტისთვის”) რომ მიემართათ, მათ უარს არ ეტყოდნენ. იქ ჩვენი ჟურნალისტების გაგზავნას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაპირებდით, თუ ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენები მიიღებდნენ მონაწილეობას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი კი გადაწყვეტილების მიღებას ბოლო წუთამდე აჭიანურებდა (არაოფიციალურად კი, როგორც დღეს აღმოჩნდა, ჩუმ-ჩუმად დიდი ხნის წინ შეარჩია მისთვის მისაღები ჟურნალისტები, რითაც თავი ქვეყნის სასაცილო გაიხადა!). აი, საქართველოს ეროვნული ლიმპიური ომიტეტის მხოლოდ რამდენიმე განცხადება 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, რომლებიც ქართულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა:

საქართველოს ოლმპიური კომიტეტი სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს არ გამორიცხავს (2013 წლის 7 ოქტომბერი)

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობას უშვებს. ასეთი განცხადების საბაბად, ბერიშვილის თქმით, იქცა რუსეთის მოქმედება - იგულისხმება მანამდე გავრცელებული ინფორმაცია ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნის - 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, რუსი მფრინავი ივან ნეჩაევის შესახებ.

სეოკი: რუსული მხარის გადაწყვეტილება საყოველთაო უკმაყოფილებას იწვევს (2013 წლის 7 ოქტომბერი)

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო განცხადება, რომლითაც გააპროტესტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩართვა ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა აკრედიტაციის ელექტრონულ ბაზაში დამოუკიდებელ საერთაშორისო სუბიექტებად. აღნიშნულია აგრეთვე უკმაყოფილება მეჩირაღდნეთა რიგებში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილის, ბომბდამშენის მფრინავ ივან ნეჩაევის ჩართვის ფაქტით, რასთან დაკავშირებითაც სეოკ-ი სოჭის ოლმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ 2013 წლის 2 მაისს ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობას უშვებს.

საქართველო 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გადატანას მოითხოვს (2013 წლის 19 ნოემბერი)

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 37-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობისთვის თურქეთში გამგზავრების წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალმა ხელმძღვანელმა გია ნაცვლიშვილმა თავისი პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც სოჭის ოლიმპიადის საკითხს შეეხო. ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთში არასტაბილური სიტუაციის და საქართველოს მიერ ამ ტერიტორიის კონტროლის არარსებობის გამო არის აზრი, რომ დაისვას ოლიმპიადის სხვა ქვეყანაში გადატანის საკითხი. ამ იდეას პრინციპში მხარი დაუჭირეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა შოთა ხაბარელმა და ქეთევან ლოსაბერიძემ.

რუსეთის მიერ სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ზედმეტი პოლიტიზაციის შემთხვევაში საქართველო მათში მონაწილეობის გადაწყვეტილების გადახედვას არ გამორიცხავს (2013 წლის 7 ოქტომბერი)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ზედმეტი პოლიტიზაციის შემთხვევაში მათში მონაწილეობის თაობაზე საქართველოს გადაწყვეტილების გადახედვას არ გამორიცხავს. თბილისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა: “სამწუხაროდ, რუსული მხარე თამაშების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებით ცდილობს... საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმის ერთგულებას, რომ ჩვენ რფ-სთან ორმხრივი ურთიერთობის მოწესრიგება გვსურს, მაგრამ განსაკუთრებული ყურდღებით დავაკვირდებით სოჭში ოლიმპიადის მოსამზადებელ საორგანიზაციო ღონისძიებებს. თუ საქართველოს ხელისუფლება დარწმუნდება, რომ რუსეთის მიერ ოლიმპიური თამაშების ზედმეტი პოლიტიზაცია და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მათი გამოყენება ხდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის ღირსების და საქართველოს ინტერესების დასაცავად”.

შოთა ხაბარელი: საქართველო არასოდეს მიიღებს სამარცხვინო გადაწყვეტილებას (2013 წლის 10 ოქტომბერი)

“საქართველო ყოველთვის დამოუკიდებელი ქვეყანა იქნება და არასოდეს მიიღებს სამარცხვინო წინადადებას”, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ.შოთა ხაბარელმა რუსი დეპუტატის ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადების კომენტირებისას. ხაბარელის თქმით, სეოკ-მა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თუ პროცესი პოლიტიკურ ელფერს მიიღებს, ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.

ბოიკოტის შემთხვევაში საქართველოს არ გარიცხავენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან (2013 წლის 8 ოქტომბერი)

“თუ საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა აუცილებლად გაირიცხება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან”, - განაცხადა სეოკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კახა ბერიძემ. მისი თქმით, 1980 წელს ბევრმა ქვეყანამ გამოუცხადა ბოიკოტი მოსკოვის თამაშებს, 1984 წელს სსრკ-ის გუნდი არ წავიდა ლოს-ანჯელესში, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ყველა შემდგომ ოლიმპიადაში ისინი უპრობლემოდ მონაწილეობდნენ”, - განაცხადა მან. “თუ საქართველო უარს იტყვის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, ქვეყანამ ეს როგორღაც უნდა დაასაბუთოს. ჩვენს შემთხვევაში ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება - როგორც 80-ში და 84-ში. თუ სოჭში არ გავემგზავრებით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე წასვლას ვერ შევძლებთ”, - განაცხადა ბერიძემ.

3. ბ. მძინარაშვილი და ა. ხიდირბეგიშვილი ზემოჩამოთვლილი ბეჭდური, ტელე- და ელექტრონული მედიასაშუალებების ხელმძღვანელები არიან (გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, ტელეარხი “ობიექტივი”, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმი”), რომლებსაც აქვთ ინტერნეტ საიტები როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზე, ჰყავთ მკითხველთა დიდი აუდიტორია და კვალიფიციური სპორტული ჟურნალისტები. აქვთ თუ არა ასეთი მედია რესურსები ოლიმპიადის გასაშუქებლად საქართველოს როვნული ლიმპიური ომიტეტის მიერ არჩეულ ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ?

4. რატომ არ შეიწუხა თავი საქართველოს ეოკ-მა საქართველოს ყველა მედიასაშუალების ელექტრონულ მისამართებზე ერთი შეტყობინების გაგზავნით, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სოჭის ოლიმპიადაზე ჟურნალისტთა აკრედიტაციისთვის განაცხადების შეგროვება დაიწყო და მსურველებს აუცილებელი საბუთების წარდგენას სთხოვენ (როგორც ამას, მაგალითად, ყოველთვის აკეთებენ საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის აპარატები, როდესაც სახელმწიფო კანცელარიაში და პრეზიდენტის რეზიდენციაში ჟურნალისტების აკრედიტაციას აცხადებენ)?

საქინფორმი ყველა ზემოთ დასმულ შეკითხვაზე პასუხებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან ელის (თუ, რა თქმა უნდა, საპასუხო რამე აქვთ და, იმედი გვაქვს, არა Facebook-ით).

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 29 იანვარი
საქართველო, თბილისი

pol-1red-tradicia-vniz