რელიგია
ილია მეორე: „ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლე, რათა ემსახურონ უფალს, სამშობლოს, ოჯახს და მოყვასსა თვისსა!"

1-natlulebiსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ერთმანეთთან დაკავშირებას ამიერიდან ინტერნეტის საშუალებითაც შეძლებენ. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, წარმოიშვა იდეა, რომ შეიქმნას ვებ-გვერდი, სადაც მისი ნათლულები ერთმანეთს გაიცნობენ. უწმინდესის თქმით, მისი ნათლულები ამ საიტზე თავიანთი გასაჭირის დაწერასაც შეძლებენ, სხვა ნათლულების მშობლები კი მათ დაეხმარებიან. გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ  735 ბავშვი გახდა.

"ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება მათი დაბადება და ცხოვრება. ჩვენი ნათლობისას ინათლებიან ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ. ღმერთმა მისცა მათ სიცოცხლე, რათა ემსახურონ უფალს, სამშობლოს, ოჯახს და მოყვასსა თვისსა", - ბრძანა უწმინდესმა და უფალს ამ წყალობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, წირვაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაც მონაწილეობდა. ილია მეორემ მთავარეპისკოპოსებს იონათამსა და აღაპიტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-უკრაინის თბილ ურთიერთობაზე ისაუბრა.