უცხოეთი
რუსეთის ჯავახკის დიასპორა: „ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ ჩვენს შვილებს განათლების მიღება მშობლიურ - სომხურ ენაზე სურთ!“

zarub-1-diasporaსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკის დიასპორის განცხადება (ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით):

„როგორც ცნობილია, ახალი სასწავლო წელი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ორშაბათს, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს იწყება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2013-2014 სასწავლო წლის სახელმძღვანელოებს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში უფასოდ გადასცემენ. სიახლე 650 ათასზე მეტ მოსწავლეს შეეხება. აღსანიშნავია, რომ ბოლო დრომდე საქართველოში სახელმძღვანელოების შეძენა ყოველწლიურად მშობლებს 100-200 ლარი უჯდებოდათ. სახელმძღვანელოებთან ერთად, წინა წლების მსგავსად, პირველკლასელები უფასოდ ნეთბუქებსაც მიიღებენ.

ამასთან, გვინდა შეგახსენოთ, რომ თავის შარშანდელ წინასაარჩევნო დაპირებებში კოალიცია ‘ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჯავახკის (სამცხე-ჯავახეთის მხარე) მოსახლეობას მრავალრიცხოვან ცვლილებებს ჰპირდებოდნენ სასოფლო-სამეურნეო და საგანმანათლებლო სისტემებში. კერძოდ, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი მაშინ შეგვპირდა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ქართველი სომხები სკოლებში ახალი პროგრამით ისწავლიდნენ და მშობლიური სომხური ენის შესასწავლად დამატებითი საათებიც გამოიყოფოდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს დაპირებები მხოლოდ ფუჭი სიტყვები გამოდგა!

დღეს გვინდა ყველას გასაგონად განვაცხადოთ, რომ საქართველოს წინა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ჯავახკის ტერიტორიაზე ქართული ნაციონალიზმის გავრცელებასა და განმტკიცებას ემსახურებოდა, დღესაც გრძელდება. სომხური კულტურის განვითარების დაბრკოლება, მხარის სომეხი მოსახლეობის იძულებითი მიგრაცია მხარეში ეკონომიკური და სოციალური გარემოს ლიკვიდაციის გზით, დემოგრაფიული სტრუქტურის შეცვლა და რეგიონის ბუნების დაზიანება, რაც „ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს“ რკინიგზის მშენებლობას უკავშირდება - ეს ყველაფერი ჯავახკში (სამცხე-ჯავახეთის მხარე) მოსახლე ძირძველი სომეხი მცხოვრებლების კულტურული გენოციდის ნათელი გამოხატულებაა.

ჩვენ გამოვთქვამთ პროტესტს და ვაცხადებთ, რომ ჩვენს შვილებს სურთ, განათლება თავის მშობლიურ - სომხურ ენაზე მიიღონ!

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს დანაპირები, რომელიც ჩვენს ხალხს შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა!

მოვითხოვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვას ვალდებულებები, რომლებიც გაწერილია გაეროს დეკლარაციაში „ძირეული მოსახლეობის უფლებების შესახებ“!

რუსეთის ჯავახკის დიასპორა

2013 წლის 13 სექტემბერი“