რელიგია
საქინფორმი: „საათი, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ ივანიშვილს აჩუქა, ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენის მიერ არის ნაყიდი, და არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ფულით“

saatiსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილმა კათოლიკოს–პატრიარქი მიიღო. უწმინდესმა და უნეტარესმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს საჩუქრები გადასცა, – სიტყვა სიტყვით იუწყება პრემიერ–მინისტრის ოფიციალური გვერდი Facebook–ზე Bidzina Ivanishvili official.

პატრიარქისგან ნებისმიერი საჩუქარი – ფასეულია, თუნდაც ის ძვირფასი არ იყოს, თუმცა 2013 წლის 10 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის არქიეპოსკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან სტუმრად ყოფნისას - სასახლეში მთაწმინდაზე, პირადად დაასაჩუქრა მისი ოჯახის თითოეული წევრი მართლაცდა ძვირფასი საჩუქრებით.

დიახ, საქართველოს ნებისმიერი ნორმალური მოქალაქე სიამოვნებით უყურებდა ამ შეხვედრის გულისამაჩუყებელ ფოტორეპორტაჟს, თუმცა სააკაშვილის მომხრეებმა – უცხოურ გრანტებზე შექმნილმა ინსტიტუტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ლგბტ–ს აქტიურმა დამცველებმა, მერაბიშვილის ბლოგერებმა, ბოკერიას ოდიოზური მედიასაშუალებების, მათ შორის – ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებმა – კარგი საბაბი იშოვეს, რომ მორიგი ბინძური კამპანია გაეჩაღებინათ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარის და საქართველოს პრემიერ–მინისტრის წინააღმდეგ.

იბადება კითხვა – და რა მიზნებს ისახავდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრის პიარ– და პრესსამსახურები, როდესაც ამ ფოტოებს ყველასთვის საჩვენებლად ათავსებდნენ Facebook–ში? სიახლე ხომ არავისთვის არის:

– რომ კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს და ბიძინა ივანიშვილს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და რომ კათოლიკოს–პატრიარქს გაუხარდა ხელისუფლებაში მისი მოსვლა;

– რომ კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს პირველად არ შეხვდა და ყველა მათგანს იცნობს, შვილების ჩათვლით;

– რომ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მეცენატმა, უპრეცედენტო მატერიალურ–ფინანსური დახმარება გაუწია ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ააშენა ახალი ეკლესიები და რესტავრაცია გაუკეთა უამრავ ძველ ტაძარს;

– რომ ბიძინა ივანიშვილი – სამაგალითო ოჯახის კაცია და მას – სანიმუშო ოჯახი ჰყავს.

ან იქნებ ეს ლაფსუსი შემთხვევითი არ ყოფილა?! ივანიშვილის PR– და პრესსამსახურები ხომ ვალდებული იყვნენ გაეთვალისწინებინათ (მაგრამ არ გაითვალისწინეს!):

– რომ ქართველი საზოგადოება გულმოდგინედ ეკიდება ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიცაა ფინანსური ურთიერთობა ქართულ ეკლესიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, განსაკუთრებით – თუ ეს საჩუქრები ცალმხრივია: დღემდე მუსირებს საპატრიარქოსთვის პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი შავი ჯიპების თემა, რის სანაცვლოდაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა ნაწილი იძულებით გაჩუმდა, ხოლო ზოგიერთი, განსაკუთრებით მადლიერი, სააკაშვილის აგიტატორ–პროპაგანდისტი გახდა;

– რომ ძვირფასი მაჯის საათის თემა საზოგადოებაში პრეზიდენტ სააკაშვილის კორუმპირებულობასთან ასოცირდება, რომელსაც ყველაზე ცნობილი ბრენდების საათების კოლექცია აქვს და ბევრი მათგანი საჩუქრად აქვს მიღებული გაწეული სამსახურისთვის მადლიერების ნიშნად, ან სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით შეძენილი;

– რომ ნებისმიერი, ვინც საქართველოში ძალზე პოპულარული ინტერნეტმაღაზია „AMAZON“–ის საიტზე შევა, აღმოაჩენს, რომ შვეიცარიული საათი Ulysse Nardin - Men's Maxi Marine Automatic Chronometer Black Alligator Strap, რომელიც პატრიარქმა პრემიერ ივანიშვილს აჩუქა, 24 ათას 300 აშშ დოლარი ღირს, მაგრამ ინტერნეტმაღაზია თავის მყიდველებს 2 200 დოლარის (ღირებულების 9%) დაზოგვას და საათის 22 080 აშშ დოლარად შეძენას სთავაზობს.

ბუნებრივია, ობივატელებს და მრევლს შეიძლება დაებადოს შეკითხვა – საიდან აქვს საპატრიარქოს ამდენი ფული საჩუქრებზე მილიარდერისთვის, რომელსაც ისინი არ სჭირდება?!

საქინფორმი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან, ხშირად აკეთებდა იმას, რისი კეთებაც მის პრესსამსახურს და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე (ინგლ.Public Relations – პიარი) პასუხისმგებელ მრჩეველებს – თანაშემწეებს ევალებოდათ: საქინფორმი – პირველი და ერთადერთია, ვინც საჯაროდ აფრთხილებდა ბატონ ბიძინას ტელეარხ „Пик“–ის ძირგამომთხრელი საქმიანობის, ტელეარხებზე „TV 9“–ზე, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და ა.შ. ანტისახელმწიფოებრივი გამოვლინებების შესახებ.

დღეს საქინფორმი ისევ ასწორებს ჟურნალისტებისა და პრემიერ–მინისტრის მეპიარეების მიერ დაშვებულ ძალიან უხეშ ლაფსუსს და აცხადებს: შვეიცარიული საათი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აჩუქა, ნაყიდია ყველასათვის ცნობილი რუსი ბიზნესმენის – ქართული წარმომავლობის მილიარდერის ფულით, და არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტის თანხებით! ამ ბიზნესმენის დასახელებას საქინფორმი ჯერჯერობით საჭიროდ არ მიიჩნევს.

და კიდევ – ჩვენი რჩევა კოლეგებს პრემიერ–მინისტრის პრესცენტრიდან და PR–დეპარტამენტიდან: ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისას, როდესაც კათოლიკოს–პატრიარქს ახსენებთ, მისი სრული ტიტული დაასახელეთ, კონკრეტულად – სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის არქიეპოსკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

saati-1 saati-2