უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქმის დაჭერას არ ურჩევს
rf-midსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რეკომენდაციები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საქართველოში, აფხაზეთსა და  სამხრეთ ოსეთში საქმის წამოწყება სურთ. რუსეთის საგარეო უწყება ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება საკმაოდ ხელსაყრელია, ხოლო მის მიერვე აღიარებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში საქმის წარმოება რეკომენდებული არ არის. "საქართველოში, აქ ლეგალურად მყოფი უცხოელისთვის, მუშაობის მიღების უფლება რთული არ არის. ამისათვის დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს უცხოელის ჯანმრთელობის დაზღვევა და მისი სამსახურში მიღების შესახებ საგადასახადო ორგანოებს აცნობოს. ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელმა მოქალაქემ სახელმწიფო რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ეს პროცედურა კი ძალზედ მარტივია. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებულია, რეგისტრაცია განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს", - ნათქვამია საქართველოში ბიზნეს-კლიმატის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ "ამ ორ რესპუბლიკაში ინვესტორებისთვის საკმაოდ რთული კლიმატია შექმნილი". 
"ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს აფხაზეთის ბიზნეს-კლიმატზე, ისაა, რომ რუსული ბიზნესის წარმომადგენლები სახელმწიფო ორგანოებს კორუმპირებულად მიიჩნევენ. უცხოური საწარმოს გახსნა აფხაზი თანადამფუძნებლის გარეშე ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი ბაზა არსებობს... სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია კი ხასიათდება, როგორც უკიდურესად ჩამორჩენილი. რუსული კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე თითქმის არ არიან",
- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.