უცხოეთი
ბიძინა ივანიშვილი: “ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც იყო დაშვებული ძალიან ბევრი შეცდომა…”

1-B-4საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. დღეს, თბილისის დროით 14 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით  გამოვიდა, რომელშიც მოკლედ ჩამოაყალიბა საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი მიმართულებები და ამოცანები ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში. ამის შემდეგ სხვადასხვა დელეგაციის წევრებმა პრემიერს უამრავი შეკითხვა დაუსვეს. საქინფორმი გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს და მათზე ბიძინა ივანიშვილის პასუხებს.

კითხვა: ჩვენ გვესმის, რა მძიმე მეკვიდრეობა გერგოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო განახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ძალიან ღირსეულად წარდგება მთელი მსოფლიოს წინ დემოკრატიის კუთხით.

საქართველო მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მისი ტერიტორიებია. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კი მიიჩნევენ, რომ ეს ტერიტორიები ისტორიულად მათ ეკუთვნით, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ აფხაზებს და ოსებს არ უნდათ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა.სააკაშვილმა, რომელსაც ეს ყველაფერი კარგად ესმოდა, 2008 წლის აგვისტოში დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ახალი ხელისუფლება ცდილობს ურთიერთობების აღდგენას რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ როგორ ეთანხმება ერთმანეთს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა და ის განცხადება თქვენი მხრიდან, რომ “ჩვენ არ შევეგუებით ტერიტორიების დაკარგვას“. რუსეთმა ხომ აღიარა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა და მივიჩნევთ, რომ ამას უკან დახევა არ მოჰყვება?

ივანიშვილი: ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც იყო ძალიან ბევრი შეცდომა დაშვებული ჩვენს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან დამოკიდებულებაში. არსებობს იარები, რომელთა მოშუშებას დრო სჭირდება. და არც უნდა ვიფიქროთ, რომ ისევ ძალით შეგვიძლია ურთიერთობების დალაგება ჩვენს ძმებთან. ყოველთვის ვარწმუნებ ჩვენს ძმებს - აფხაზებს და ოსებს, რომ არ არსებობს, რომ მომავალშიც ხელის გადაგრეხით მოვახერხოთ ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგება. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ძმობით, მხოლოდ - მოთმინებით. ამისათვის მთავარი გასაღებია, რომ საქართველოში პირველ რიგში უნდა აღორძინდეს ეკონომიკა, განვითარდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო უნდა გახდეს საინტერესო ქვეყანა ოსებისთვის, აფხაზებისთვის, საინტერესო უნდა გახდეს ევროპისთვის, საინტერესო უნდა გახდეს რუსეთისთვის. ამას სჭირდება დრო, სწორი თანმიმდევრული სვლები. და მხოლოდ ამის შემდეგ  შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისტორიულ პროცესებზე და ვის რისი სურვილი აქვს. დღევანდელ პირობებში, როდესაც უამრავი კითხვა არსებობს ყველა მხრიდან, სწორი დასკვნის გაკეთება ძალიან რთული იქნება.