რედაქტორისგან
"ქართველი ხარ? - არ მოხვიდე ცხრამეტში! სომეხი ხარ? – კი ბატონო, მობრძანდი!"

charkvianiსაქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. დღეს ექს-მმართველი ძალა “ნაცმოძრაობა“, პირველად 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ძალების დათვალიერებას აწყობს - მასშტაბურ (როგორც ნაციონალები იმედოვნებენ) აქციას აწყობს თბილისში რუსთაველის გამზირზე, რომელიც საქართველოსთვის დიდი ხანია თხემ ადგილად გადაიქცა.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა უკიდურესად უარყოფითად არის განწყობილი როგორც დღევანდელი აქციის, ისე ბოლო 9 წლის მანძილზე მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების - პრეზიდენტ სააკაშვილისა და გენმდივან მერაბიშვილის მიმართ, რადგან სწორედ ისინი, ზუსტად ამ ადგილზე, სისხლით შლიდნენ მასობრივ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს 26 მაისს და 7 ნოემბერს, ხოცავდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებს, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, მათ შორის - ბავშვებს.

ამიტომ ცნობილი ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის ლექს-მიმართვას, რომელიც მან თავის გაზეთ “ქართულ სიტყვაში“ გამოაქვეყნა, შეიძლება არა მარტო ქსენოფობიური, არამედ პროვოკაციული და დესტრუქციულიც ვუწოდოთ. თავად განსაჯეთ:

სამწუხაროდ,

ვზივარ სიმწუხარეში,

ადრე მუდამ,

საქართველოს ვლოცავდი.

ქართველი ხარ? -

არ მოხვიდე ცხრამეტში!

სომეხი ხარ? –

კი ბატონო, მობრძანდი!

ალბათ, ზედმეტია ახსნა - რამდენ ზიანს აყენებს საქართველოს, მის ახალ ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ქართველ საზოგადოებას ეს “შედევრი“:

- “ნაცმოძრაობის“ აქტიურ მომხრეთა გვერდები სოციალურ ქსელ Facebook-ში ჩარკვიანის მიმართ უცენზურო გამონათქვამებითა და ბრალდებებით აჭრელდა: “აი ისიც - ახალი ხელისუფლების სახე! ეს კაცი მიტინგებზე ივანიშვილის გვერდით იდგა!“ - ღვარძლიანობენ კოალიცია “ქართული ოცნების“ მტრები;

- სომხები პირდაპირ იწოდებიან ქართველების მტრებად, თუკი მათი ადგილი - იმ პარტიის აქციაზეა, რომელმაც ზემოჩამოთვლილი და ბევრი სხვა დანაშაული ჩაიდინა საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ;

- ეროვნებათაშორისი შუღლის ნიადაგზე ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება შეაქვს, თანაც - უაღრესად დაძაბული სიტუაციის მომენტში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე კავკასიაში (ყარაბაღი);

- ფაშიზმში გარდამავალი შოვინიზმი, რომელმაც დაღუპა ჰიტლერული გერმანია - საქართველოზე გაცილებით უფრო ძლევამოსილი ქვეყანა - ხელს უწყობს სეგრეგაციას, და არა ინტეგრაციას მრავალეროვანი ქართველი საზოგადოებისა, რომელიც დასაბამიდან დამსახურებულად ამაყობდა თავისი ტოლერანტობით. ეს კი, ჩვეულებრივ, არაქართველი ხალხის წასვლით მთავრდება მათი საცხოვრებელი  ტერიტორიებითურთ (აფხაზეთი, სამაჩაბლო);

- საპრეზიდენტო არჩევნების კარიბჭესთან, რომელზეც ოპოზიციას რევანშის აღების იმედი აქვს, სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად მცხოვრები სომხების უმრავლესობა, რომლებმაც შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმა “ნაცმოძრაობას“ მისცეს, თავიანთი არჩევანის სისწორეში რწმუნდებიან. “დიახ, ივანიშვილმა ჩახალიანი გაათავისუფლა, მაგრამ მიშა - ჩვენია, სომეხი! აი, დღეს ქართველი ინტელიგენციის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი, რომელიც საზოგადოების აზრს გამოხატავს, ქართველებისგან გვყოფს. როგორც ჩანს, მათთვის ჩვენ სამუდამოდ “სომხებად“ და “ბაგრამიანის ბატალიონად“ დავრჩებით... ხოლო თუ ასე არ არის - რატომ არ დაგვიცვა თუნდაც ერთმა ქართველმა - არ უპასუხა ბატონ ჯანსუღს?!“

საქინფორმის რედაქციისაგან: აუცილებელია აღინიშნოს, რომ გაოცებას იწვევს არა ქართველების დუმილი, რომლებიც პატივს სცემენ ახლახან მძიმე ოპერაციაგადატანილი ქართველი პოეტის ხანდაზმულობას, არამედ სამარისებური სიჩუმე მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორული კავშირების, საზოგადოებების და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მანამდე ნებისმიერი საბაბით სკანდალს ტეხდნენ - მაგალითად, როდესაც საქინფორმთან ინტერვიუში დიდმა რობიკო სტურუამ სააკაშვილს სომეხი უწოდა (უბრალოდ, მისი ეროვნული კუთვნილების ფაქტის კონსტატაცია მოახდინა, რისთვისაც წინა ხელისუფლებამ ის რუსთაველის თეატრიდან გააგდო), ან როდესაც საქინფორმმა პროტესტი გამოთქვა მთიანი ყარაბაღის არმიის მიერ ქალაქ შუშის აღების 20 წლისთავის აღსანიშნავი ზეიმის გამო, რომელიც საქართველოში სომხეთის საელჩომ 2012 წლის 9 მაისს (!) თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში მოაწყო (!)