პუბლიკაციები
მარინა კაჟაშვილი: „დღეს ქართულ-ოსური მისიის სათავეში დგომა ბევრად იოლია, ვიდრე 2006 წელს – ერედვში!“

1-analitika-NEW-kajaShსაქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იუსტიციის ექს-მინისტრ მარინა კაჟაშვილის წერილს საქინფორმისადმი მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

გულდასაწყვეტია, რომ 2006 წლის ერედვში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, იმ მძიმე დროსა და ვითარებაში დგომა ასე რთული და დაუფასებელი  შედეგით დასრულდა.

ჩემო საყვარელო დევნილებო, ჩემო ხეობელებო, ჩემო გორელებო და, საერთოდ,   ჩემო ქართლელებო, მოგმართავთ დიდი სიყვარულითა და მოწიწებით: თქვენ  ყველამ  ყველაფერი კარგად იცით და არაფერი გესწავლებათ, თქვენ ხართ თითოეული  ადამიანისა და მისი საქმის შემფასებელი ბარომეტრი. ისიც კარგად იცით, თუ  როგორ დანაღმულ გზებზე ვიარე, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში – წვერიახოს გაუვალ მთაზე პირველ ქალმა –  პოლიტიკოსის სტატუსით, იმისათვის, რომ მტრობა დამთავრებულიყო, დაქუცმაცებულობა დასრულებულიყო, შუღლი დასამარებულიყო; შუღლი ძმათა შორის, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს ბოლო ათეული წლებია, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია.

მე თქვენთან ერთად ვიბრძოდი მშვიდობის დასამყარებლად, ქართულ-ოსური ურთიერთობების დასათბობად, ჩატეხილი ხიდის აღსადგენად იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც მავანმა ხელოვნურად  შექმნა  ჩვენ შორის.

ოცდასამი წელია, დევნილი ვარ. ოთხი მთავრობა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში. დღეს მეხუთე ჩაუდგა  ქვეყანას  სათავეში. ამ ოთხი ხელისუფლების პოლიტიკამ ზიანის მეტი არაფერი მოგვიტანა. ამ 23 წლის განმავლობაში არცერთი დევნილი საკუთარ კარმიდამოს არ დაბრუნებია. ქვეყანაში დევნილთა პრობლემა წლებია, პირველ პლანზე დგას და ყოველი ხელისუფლება ტრაბახობდა შესრულებული სამუშაოებით (ყველა ინდივიდს თუ ხელისუფლებას საკუთარი შესაძლებლობების  კულმინაციის მწვერვალი  აქვს. მათ ეს ყველაფერი მაქსიმალურად ამუწურეს). პირიქით, თავს დაგვატეხეს ცივილიზებული 21-ე საუკუნის სისასტიკით გამორჩეული მოულოდნელი 2008 წლის  აგვისტო! აატირეს ჩვენი ახლობლების ოჯახები და შავ ძაძებში გახვიეს ქართველი და ოსი დედები...

მე დღეს ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რომ იმ დედებს ტკივილი და მოუშუშებელი იარა კვლავ არ განვუახლო. მე ამ დედებისა და მათი საამაყო გმირი შვილების სულების წინაშე ქედს ვიხრი!

ავადდატრიალებულმა ცხოვრების ქარბორბალამ მაფიქრებინა, სათავეში ჩავდგომოდი იმ დიდ სახალხო დიპლომატიურ მოძრაობას, რასაც „ქართულ-ოსური მისია“ ჰქვია, ერის იმ დიდ, ღირსეულ მამულიშვილებთან ერთად, როგორებიც არიან ბატონები:

რეზო ამაშუკელი – პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, „ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე;

ფერდინანდ ლორთქიფანიძე – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ-ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე, რუსეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო- საგამომცემლო ფონდი „ენციკლოპედიას“ ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა წევრი;

რომან რურუა – საზოგადო მოღვაწე, მსოფლიო, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ჭიდაობაში;

თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი და სხვები.

დღეს დადგა დრო, რომ ქართველმა ელიტამ და ქართველმა ინტელიგენციამ თავისი სიტყვა თქვან და თითოეულმა იმ შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება შეძლოს, ვისაც რა და როგორ შეუძლია.

ჩვენმა მისიამ გრანდიოზული  სამოქმედო პროგრამა შეიმუშავა, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ ათეული წლების მიერ დანგრეული ქართულ-ოსურ-რუსული ურთიერთობები.  ვფიქრობ, ჩვენი დიდი სახალხო დიპლომატიით იამაყებს ამერიკაც და  ევროპაც, ისევე, როგორც ჩემი „იუსტიციის სახლის“ იდეით.

ამ ეტაპზე ეს ეხება კონკრეტულ სფეროებს: ვაჭრობას, ტრანსპორტს, ავიამიმოსვლას, სავიზო რეჟიმს, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებს.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ აღდგეს ურთიერთობები, რომ საზღვრებზე მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილება, საზღვარს მიღმა დარჩენილ  მეგობრებს, ახლობლებსა და ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცეთ, რომელნიც, ორი ათეული წელია, მოკლებული არიან ამ ბედნიერებას.

თითოეულ მათგანს მარტივად უნდა შეეძლოს ახლობლებთან ურთიერთობა, სატელეფონო კავშირი ოსეთში, აფხაზეთში, რუსეთში; არ ჰქონდეს შიში, რომ ხვალ მათ აგენტის სტატუსს მიაკრავენ!

ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს!

ჩვენ, დევნილები, მივტირით იმ ძველ დროს, რასაც მე-20 საუკუნე, ანუ „მშვიდობის საუკუნე“ ერქვა!

არ ვიქნები იქ,  სადაც იარაღის ჟღარუნი შემომესმება!

არ ვიქნები იქ,  სადაც იჭედება ბორკილები მოძმე ერების ერთობისა და სიყვარულის შესაბოჭად!

არ ვიქნები იქ, სადაც „გათიშე და იბატონეს“ პრინციპი მეფობს!

ვიქნები თქვენთან ერთად იქ   სიყვარულის, მეგობრობის, მეზობლობის, ძმობისა და  მშვიდობის ტაძრის აღსადგენად.

დღეს „ქართულ-ოსური მისიის“ გვერდით  დგომა, მერწმუნეთ, იოლია  და  თან –   საამაყოც!

გავერთიანდეთ  ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავლისათვის, რამეთუ ძალა ერთობაშია!

 

მარინა კაჟაშვილი,

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის იუსტიციის ექს-მინისტრი