სამართალი
სოზარ სუბარი: „ნაციონალები“ საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და არა მათ...“

1-subar-samarrrrr2თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ სოზარ სუბარის თქმით, „ნაციონალები“ მიხვდნენ, რომ საერთაშორისო და ევროსტრუქტურების წარმომადგენელთა კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ, ევროპელების ლანძღვა-გინება მათთვისვე იყო წამგებიანი და ახლა ცდილობენ, ხალხს თვალები აუხვიონ, თითქოს დასავლეთი ხელისუფლების კი არა, „ქართული ოცნების“ ქმედებებს აკრიტიკებს.

აღნიშნული კომენტარით სოზარ სუბარი ევროკავშირის კომისრების – შტეფან ფულესა და ქეთრინ ეშტონის – განცხადების საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მმართველი პარტია კოალიციას მოუწოდებს, შეწყვიტოს ისეთი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ძალადობის, დაძაბულობისა და შუღლის გაღვივებისაკენ და ემსახურება საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.

როგორც სუბარმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ მიესალმება ევროკომისრების განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვს და მისი დემოკრატიულობის ხარისხი გადამწყვეტი იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

„ნაციონალურ მოძრაობას კი მოვუწოდებთ, შეეშვას ქვების სროლას, ნარჩენების ომის დიდგორად გამოცხადებას, ქართული ოფისების ფანჯრების მტვრევას, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი; პროვოკაციებს საარჩევნო კომისიებში; „ქართული ოცნების“  მხარდამჭერების დეპორტაციას საზღვარგარეთიდან; მოქალაქეების დაშინებას, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გაშვებასა და დაპატიმრებას. რაც შეეხება „ქართული ოცნებისადმი“ „ნაციონალების“ მოწოდებას, რაღაც ხომ უნდა თქვან?! როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლენინიზმში დაადანაშაულა, სამი დღე ლანძღვა-გინებით აიკლეს. რურუას განცხადებას ვგულისხმობ. მერე მიხვდნენ, რომ ეს მათთვისვე იყო წამგებიანი და რიტორიკა შეცვალეს. ახლა ცდილობენ, ხალხის თვალში ისე წარმოაჩინონ, თითქოს წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ეუთოს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის კრიტიკული განცხადებების ობიექტი ხელისუფლება კი არა, „ქართული ოცნებაა“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.