პუბლიკაციები
„МОФЕПН“-ის პრეზიდენტი ვ. ალექსეევი: „უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ პატრიარქ ილია მეორესა და პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძის მიმართ!“

1-alekseev-gl2012 წლის 21-22 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მოწვევით  საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის (МОФЕПН) პრეზიდენტი, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (МАП) მრჩეველი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის სიტყვიერების აკადემიის ნამდვილი წევრი ვალერი არკადის ძე ალექსეევი (ვიზიტი დაწვრილებით გაშუქდა საქინფორმისა“ და МОФЕПН-ის საიტებზე).

ვიზიტის დღეებში „МОФЕПН“-ის პრეზიდენტმა საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს მოუთხრო ფონდის საქმიანობასა და კულტურულ პროგრამაზე, რომლის განხორციელება დასახულია საქართველოში, თბილისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს აღსაყდრების 35 წლის იუბილეს ფარგლებში.

ბატონმა ვ. ალექსეევმა, კერძოდ, აღნიშნა:

„ფონდს რამდენიმე პროგრამა აქვს, რომლებიც ტრადიციული მართლმადიდებლური კულტურის ფასეულობათა წინ წამოწევაზეა მიმართული, რადგან ეს ფუნდამენტური ფასეულობები ჩვენს ხალხს საკუთარი იდენტურობის შენარჩუნების, დაცვისა და წინ წამოწევის საშუალებას აძლევს.

მართლმადიდებლობა აქ კოლოსალურ როლს თამაშობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ მართლმადიდებლობა ერთგვარი ანდერგრაუნდული კულტურა არ არის (ინგლ.Underground იატაკქვეშეთი; ალტერნატიული, ელიტარული მიმართულება ხელოვნებასა და კულტურაში, რომელიც კლასიკურ ტრადიციებს არღვევს და მასობრივ კულტურას პროტესტს უცხადებს), როგორც დღეს ცდილობენ ამის წარმოდგენას ფედერალური ძალები. პირიქით, ეს ის ნიადაგია, რომელიც ეროვნულ თვითშეგნებას კვებავს და აყალიბებს მნიშვნელობის მთლიან წრეს, რომლის მიღმა ადამიანის სიცოცხლე, უბრალოდ, უმიზნოა! ეს ერთგვარი, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, „საგზაო რუკაა“, და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე ვილაპარაკოთ იმაზე, რომ მართლმადიდებლური ფასეულობები წარსულში არ არის დამალული – რომ არ შეიძლება წინსვლა უკან მიბრუნებული თავით.

ძალზე მნიშვნელოვანია, წინ ვიაროთ, პერსპექტივას ვუყუროთ და წინსვლისთვის აუცილებელი ბაზისი შევქმნათ. ეს ბაზისი კი კულტურაა ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, რომელიც ხალხის ყოფიერების მთელ წრეს აყალიბებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ მართლმადიდებლობა დღევანდელი დღის აქტუალურობაა, ეს არ არის არქაიკა, ეს ნამდვილი მაინსტრიმია (ინგლ. mainstream ძირითადი მიმართულება).

და აი, ამ თვალსაზრისით, ფონდს აქვს ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამა – რუსი კლასიკოსი მწერლები და მართლმადიდებლობა, რომელიც უკვე 10-ზე მეტი წლისაა. ჩვენ სპეციალური ბიბლიოთეკა გვაქვს და ამ ბიბლიოთეკის ფარგლებში ყოველ წელს თითო სოლიდურ ტომს გამოვცემთ (თითოეული 500 და მეტგვერდიანია, მაგარი ყდით) საერთო სახელწოდებით „რუსი კლასიკოსი მწერლები და მართლმადიდებლობა“. ამ სერიაში ახლახან გამოვიდა წიგნი „შუკშინი და მართლმადიდებლობა“, მანამდე კი 10 ტომი გამოიცა.

პირველი ტომი დოსტოევსკის მიეძღვნა (სრულიად აშკარაა, რომ ვიღაცა იტყვის, დოსტოევსკი ამ თემას არ შეეფერებაო). შემდეგ, მომდევნო წელს, გამოვიდა ტომი „გოგოლი და მართლმადიდებლობა“, და ამის შემდეგ ჩვენს ბიბლიოთეკაზე ყველგან ალაპარაკდნენ – მას ეძებენ, შეძენას ცდილობენ, და თუმცა ის საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოიცემა (ყოველი ტომი – 5 ათასი ეგზემპლარი), ქვეყნისთვის ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია. მაგრამ ჩვენ ამ წიგნებს არ ვყიდით, ახალი პროგრამის – „მართლმადიდებლური კულტურის საფუძვლები“ – ფარგლებში ჩვენ მათ სკოლებში ვაგზავნით, ძირითადად – მასწავლებლებისთვის.

შემდეგ ბიბლიოთეკის ფარგლებში გამოვიდა ტომი „კრილოვი და მართლმადიდებლობა“, და მკითხველი პუბლიკისთვის ესეც მოულოდნელობა იყო: „როგორ თუ კრილოვი, ჩვენ მას მეიგავედ, სატირიკოსად ვიცნობთ, და უცებ... სად არის მის შემოქმედებაში მართლმადიდებლობა?!“

მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან თითოეულ ტომზე ლიტერატურათმცოდნეები – სწორედ ამ ავტორის შემოქმედების სპეციალისტები მუშაობენ, თანაც არა მარტო რუსეთიდან, არამედ ბევრი სხვა ქვეყნიდანაც, ამერიკისა და იაპონიის ჩათვლით (მაგალითად, დოსტოევსკიზე იაპონელ მკვლევართა მთელი ჯგუფი მუშაობდა, ლერმონტოვზე – ამერიკელი მკვლევარები, სხვათაშორის, ძალიან დასანანია, რომ მათ შორის ქართველები არ ყოფილან!).

ასევე, თითოეულ ტომში აუცილებლად არის მართლმადიდებელი სამღვდელოების როგორც წარსულში მცხოვრები (მაგალითად, ანტონ ხრაპოვიცკი, პუშკინის ცნობილი მკვლევარი, რომელმაც ოციან წლებში დიდი სამუშაო ჩაატარა), ისე ამჟამინდელი წარმომადგენლების  სტატიები.

თუკი ამ ავტორს პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის რომელიმე ტერიტორიასთან, მაგალითად, ეს ადგილი მისი სამშობლოა და იქ მისი სახლ-მუზეუმი მდებარეობს, წიგნში აუცილებლად გამოდის ამ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი. მაგალითად, ასე იყო ლერმონტოვზე, როცა პენზის მღვდელმთავარი გამოვიდა, რადგან იქ არის სახელგანთქმული თარხანი, სადაც ლერმონტოვის საფლავია; ნიკოლაი რუბცოვზე სტატიით გამოვიდა მღვდელმთავარი მაქსიმილიან ვოლოგდელი, ვინაიდან ვოლოგდა რუბცოვის სამშობლოა; შუკშინზე – ეპისკოპოსი მაქსიმ ბარნაულელი და ა.შ.

იცით, რატომ არის ეს ძალზე მნიშვნელოვანი? საქმე ის არის, რომ დღეს საერთო კრიზისი დადგა, როცა კულტურაში მართლმადიდებლობის პოსტკომუნისტური, პოსტსაბჭოთა ამოჩქეფება რამდენადმე გაცივებას, უკან დახევას იწყებს. ეს არა მხოლოდ რუსეთის ფენომენია, ის დამახასიათებელია ყველა მართლმადიდებელი ქვეყნისათვის. ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მნიშვნელოვანია ამ კავშირის შენარჩუნება, რადგან მართლმადიდებლობა კულტურის მიღმა – დიდი მინუსია, დიდი დანაკლისია ეროვნული აღორძინებისათვის. კულტურა და ეკლესია ერთად უნდა მიდიოდნენ, ისევე, როგორც მეცნიერება, განათლება.

შემდეგ ზემოთ დასახელებულ სერიაში გამოვიდა წიგნები პუშკინის შესახებ (დიდხანს ითვლებოდა და დღესაც ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ პუშკინისა და მართლმადიდებლობის თემები შეუთავსებელია...). ჩვენ დიდხანს მივდიოდით ამისკენ. ხუთ წელიწადს ვმუშაობდით პუშკინის ამ ტომზე. ის გამოიცა და პრესაში ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მკითხველისათვის სრულიად მოულოდნელად გამოვიდა, რომ პუშკინი მართლმადიდებელი ადამიანია!

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ეროვნული კულტურა სამყაროს მართლმადიდებლური მსოფლგაგების, მიზიდულობის საფუძველს ემყარება. ამიტომაც გამოვეცით მეცხრამეტე საუკუნის ბევრი ჩვენი კლასიკოსი, მაგრამ, ცხადია, გვესმოდა, რომ მეოცე საუკუნეზე გადასვლაა საჭირო – აღმასვლებითა და დაცემებით მდიდარ, რთულ საუკუნეზე. უნდა გვეჩვენებინა, რომ ეს არის არა მხოლოდ ესენინი („ესენინი და მართლმადიდებლობა” – სხვათაშორის, ბევრისათვის ესეც მოულოდნელობა გახლდათ) და ახმატოვა, არამედ რუბცოვიც, შუკშინიც.

სწორედ ახლახან ვუძღვენი მის უწმიდესობას, პატრიარქ ილია მეორეს მორიგი ტომი. ის ინტელექტუალია, ამ სერიის ყველა ტომი აქვს. ძალიან აინტერესებს ეს სერია, სხვათაშორის, ისევე, როგორც ყველა სხვა პატრიარქს.

მაისში მორიგი ვიზიტით ვიყავი ბულგარეთში, სადაც ბულგარეთის პატრიარქმა მიმიღო. ის 98 წლისაა, 1914 წელს არის დაბადებული. პირველი კითხვა, რომელიც მან დამისვა, იყო: „ბატონო პროფესორო, ახალი წიგნი ჩამომიტანეთ?“.

ამ ბიბლიოთეკის პრეზენტაცია სერბეთშიც ჩავატარეთ პატრიარქ ერემიასთან ერთად, რომელიც ჩვენი განყოფილებების საბჭოს თავკაცობს, ანუ მეურვეობს ჩვენს პროგრამებს, ისევე, როგორც პატრიარქი ილია II – საქართველოში. ისევე, როგორც  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი – როდესაც რუბცოვის ტომზე ვმუშაობდით, მან დამირეკა და მითხრა: „ახლავე მომეცით ეგ ტომი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს რუბცოვის შემოქმედება!”. ეს იმას მოწმობს, რომ ჩვენი ფონდი უმაღლეს იერარქიასთან ერთად მოქმედებს.

(ბატონო ხიდირბეგიშვილო, თქვენ, როგორც ადამიან-ხიდს, ბრიჯს, რომლის მუშაობა მიმართულია ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების და მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებისაკენ, უდავოდ კარგად გესმით, რა მნიშვნელოვანია ეს!).

ფონდს კიდევ რამდენიმე პროგრამა აქვს. ერთ-ერთი მათგანი –  „მართლმადიდებლობის ხმები“, უკვე 14 წელია, არსებობს. ეს არის სასულიერო მუსიკის გუნდების გამოსვლა მსოფლიოს უდიდეს საკონცერტო მოედნებზე. მნიშვნელოვანია, ვუჩვენოთ ევროპას, რომ მართლმადიდებლობა ლუზერების (უიღბლოების) – ერთგვარი ევროპელი აუტსაიდერების რელიგია არ არის! ეს სრულიად მცდარი შეხედულებაა, ვინაიდან მართლმადიდებლობა უმდიდრესი კულტურაა და ანთოლოგიურად ის ევროპული ცივილიზაციის ფესვებიდან მოდის. ამიტომ ყოველ წელიწადს ამ პროგრამის ფარგლებში საუკეთესო გუნდები გამოდიან, თანაც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საეროც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია: ისეთი კოლექტივები, როგორიც არის სვეშნიკოვის სახელობის აკადემიური გუნდი, ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გუნდი, გნესინების სასწავლებლის გუნდი ანდა ავანგარდი კომპოზიტორის – შნიტკეს სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის გუნდი. მიიჩნევა, რომ შნიტკეს მუსიკა მოდერნულია და იქ მოდერნის სტილის მუსიკოსებს აყალიბებენ (ფრანგ. Moderne თანამედროვე). მაგრამ ჩვენ, აი უკვე რამდენიმე წელია, თან დაგვყავს შნიტკეს სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის გუნდი, რომელიც მართლმადიდებლურ საგალობლებს ასრულებს. ეს სრულ ფურორს ახდენს, ვინაიდან თანამედროვე მუსიკისა და მართლმადიდებლური კულტურის ნაწარმოებების შერწყმა რაღაც გასაოცარ სინერგიას იწვევს  (ბერძნ. Συνεργία ორი ან მეტი ფაქტორის ურთიერთქმედების შემაჯამებელი ეფექტი, რომლებიც იმით ხასიათდება, რომ მათი მოქმედება საგრძნობლად აღემატება ყოველი ცალკეული კომპონენტის ეფექტს მათი უბრალო ჯამის სახით).

ამ წლების განმავლობაში პროგრამა „მართლმადიდებლობის ხმებს“ გამოსვლები ჰქონდა ინგლისში (მის გახსნას ყოველთვის ესწრებიან ქვეყნის პირველი პირები, ამჯერად კონცერტს პრინცი ჩარლზი და მისი ვაჟიშვილები დაესწრნენ); იტალიაში (გახსნას ბერლუსკონი ესწრებოდა, რომელიც მაშინ სათავეში ედგა ქვეყნის მთავრობას); საფრანგეთში, უწმიდესი პატრიარქი ალექსის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში (გახსნას „Notre Dame de Paris“-ში საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრო მეუღლითურთ); შარშან პროგრამამ დიდი წარმატებით ჩაიარა ჩეხეთში, ამ ქვეყნის ავტოკეფალიური ეკლესიის წინამძღვრის, ნეტარი ქრისტოფორეს აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით; პროგრამა „მართლმადიდებლობის ხმები” წარმატებით ჩატარდა, აგრეთვე, გერმანიაში, სერბეთში, ბულგარეთში, პოლონეთში, კვიპროსზე.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ტრადიციული კათოლიკური კულტურის ქვეყნებშიც კი, სწორი ორგანიზაციის პირობებში, ეს პროგრამა უზარმაზარ ინტერესს იწვევს! ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ მართლმადიდებლობა – ეს არის მაღალი ტრადიციისა და სულის კულტურა!

წელს კი უწმიდესმა პატრიარქმა ილიამ მოგვიწვია და გვსურს, საქართველოში ჩვენი ფონდის ორი პროგრამა განვახორციელოთ, რომლებიც ერთი შინაარსით არის დატვირთული.

მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პროგრამა 2012 წლის სექტემბერში საქართველოში მთლიანად მიეძღვნება უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის აღსაყდრების 35 წლის თავს. ეს არის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე, მე ვიტყოდი – ზოგადეროვნული ლიდერი და ერის ბელადიც კი. ეს არის ადამიანი, რომელიც უზარმაზარი პოპულარობით, პატივისცემითა და საყოველთაო უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. და არა მხოლოდ მართლმადიდებლებს შორის, რაც უდავოა, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში!

ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ ის არა მხოლოდ მაღალი ინტელექტუალური ნიჭის მქონე ადამიანია, არამედ შემოქმედიც, მხატვარი – ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით – ის საოცარ ხატებს წერს, ხატავს, ქმნის მშვენიერ მუსიკას, უფალმა ამ ნიჭით ის სრულად დააჯილდოვა! ამიტომ ჩვენ მას მისივე ქმნილებებით გამდიდრებულ პროგრამას მივუძღვნით.

ორი სიტყვით – ეს იქნება სამი საუკეთესო რუსული გუნდის გამოსვლა, რომლებიც სასულიერო მუსიკას შეასრულებენ, მათ შორის – უწმიდესი პატრიარქი ილიას მიერ შექმნილ ორ ნაწარმოებს, რომელთა დასწავლა, საიდუმლოდ გეტყვით, უკვე დაიწყეს!

ამის თაობაზე ერთგვარი ტენდერი, კონკურსიც კი გვქონდა. გუნდი ხომ სამი იქნება, პატრიარქის ნაწარმოები კი – ორი, და ყველა გუნდს უნდოდა მათი შესრულება! ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტეთ, რომ ერთ ნაწარმოებს შეასრულებს გუნდი, რომელმაც რეპეტიციები ადრევე დაიწყო, ხოლო მეორეს – სამივე გუნდი ერთად, ეს ამ კონცერტის, ასე ვთქვათ, ფინალი-აპოთეოზი იქნება.

იმედი გვაქვს, რომ როგორც ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევებში ხდება, საქართველოშიც რამდენიმე კონცერტი ჩატარდება. ერთ-ერთი კონცერტი კინოფილმ ანა-ბანას” ჩვენების პროგრამას დაასრულებს. ეს მოსკოვის 34-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი საკონკურსო ფილმია, ის ცნობილმა რუსულმა კომპანიმ „ტრიადა ფილმმა” გამოუშვა, რომელიც ჩვენი ფონდის პარტნიორია, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და აუცილებელ პირობებს ვუქმნით.

ეს არის ფილმი ქართულ ოჯახზე, ტიპური თბილისური ოჯახის ცხოვრებაზე დაახლოებით ოცი წლის წინ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფილმი საოცრად თანამედროვეა. ეს ძალზე საინტერესო, ჩემი აზრით, იოსელიანის სტილის ფილმი ახალგაზრდა რეჟისორებმა გადაიღეს. გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა, რაც ცნობილი ქართველი მსახიობებისთვის მეტად სასიხარულო იყო, რადგან დღეს, სამწუხაროდ, კინემატოგრაფი სიძნელეებს განიცდის და დიდი მსახიობები ფილმებში საკმარისად დაკავებული არ არიან.

ფილმმა კინოფესტივალზე დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მთავარია, ფილმში უწმიდესი პატრიარქი ილია მეორეს მუსიკა ჟღერს, ეს ყველაფერი ტიტრებშია აღნიშნული! ეს ფილმი უკვე შეირჩა ვენეციის კინოფესტივალისთვის, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება. ამიტომ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მას გაქირავებაში ვერ ვუშვებთ, რადგან ფესტივალიდან ფესტივალზე მოგზაურობს! მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ შევძლებთ ფართო მაყურებლისთვის მის ჩვენებას. თუმცა თბილისში, კინოს სახლში, ჩვენი კულტურული პროგრამის ფარგლებში ამ ფილმს ვაჩვენებთ, ყველა ქართველ მსახიობს მოვიწვევთ – დამსახურებულ, სახალხო არტისტებს, თქვენ მათ კარგად იცნობთ.

შემდეგ კი პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. კონცერტები ჩატარდება, აგრეთვე, მცხეთაში – სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში, მეორე კი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, რომელიც საქართველოს მთავარი საკათედრო ტაძრის – სამების, ტერასაზე მდებარეობს. იმედი გვაქვს, ეს აღქმული იქნება როგორც რუსეთის მართლმადიდებელი საზოგადოების, მთლიანად მართლმადიდებელი საზოგადოებრიობის ძღვენი ქართველ ხალხსა და მის სულიერ მამას, უწმიდეს პატრიარქ ილია მეორეს მისი შესანიშნავი, არაჩვეულებრივი იუბილეს აღსანიშნავად.

ამ თემაზე ჩვენ მხოლოდ პატრიარქთან როდი ვისაუბრეთ, რომელმაც თბილად მიგვიღო და დაგვიყვავა, რომელსაც ძალიან ვემადლიერები მუდმივი ზრუნვისა და ყურადღებისთვის არა მარტო ჩემი მოკრძალებული პერსონის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ფონდისადმი, ყველა სიძნელის მიუხედავად, ორი მოძმე ერთმორწმუნე ხალხის ურთიერთობის განმტკიცების მნიშვნელოვნებისადმი! ჩვენ ეს კავშირები ხალხური და საეკლესიო დიპლომატიის მეთოდებით უნდა განვამტკიცოთ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისაგან, რომელიც ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ, უწმიდესს მდაბალი სალამი და კეთილი სურვილები გადავეცი, რაც მან დიდი მადლიერებით მიიღო!

ამის შემდეგ გაიმართა ძმური ტრაპეზი და გულითადი საუბარი, და მადლობელი ვარ უწმიდესისა იმისთვის, რომ ტრაპეზზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ბაქრაძე მოიწვია (საუბარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძეც ესწრებოდა).

ეს ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი საუბარი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ბაქრაძე უწმინდესი პატრიარქის აღსაყდრების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეც გახლავთ, და ამ დიდი დავალების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარესთან ჩვენი გუნდების გამოსვლის საკითხიც განვიხილეთ, რომლებიც, როგორც ვიმედოვნებთ, ამ საიუბილეო დღესასწაულს დაამშვენებენ.

ჩვენი შეხვედრის დასასრულ, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა, უწმიდესმა პარიზში გამართული მისი საავტორო კონცერტის ჩანაწერი გვაჩვენა, რომლის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ნახვით პირველად ვნახე.

შემდეგ კი ბედნიერება მქონდა, ილია მეორესთვის ჩვენი ძღვენი გადამეცა – ეს არის პატრიარქის კვერთხი, რომელიც საუკეთესო მოსკოველმა ოქრომჭედლებმა ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დაამზადეს.

და საქმე ის კი არ არის, რომ ეს მასალები რაიმე ფასეულობას წარმოადგენს – მთავარია, რომ უწმიდესმა პატრიარქმა დიდი სიხარულით აღიქვა ის როგორც მოძმე რუსი ხალხის ძღვენი! ეს იყო ძალზე გულისამაჩუყებელი ჟესტი, ჩვენი სიყვარულისა და დიდი მადლიერების ხილული ნიშანი...“

საქინფორმისმთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილისაგან:

„როდესაც პუბლიკაციისთვის ამობეჭდილ მასალას ვკითხულობდი – დიქტოფონზე ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს „МОФЕПН“-ის პრეზიდენტ ვ. ალექსეევთან, უჩვეულოდ მაღალი სულიერი და ინტელექტუალური თვისებების ადამიანთან, რომელიც საქართველოს იცნობს და უყვარს, ერთ ეპიზოდს წავაწყდი – როდესაც ვლადიმერ არკადის ძე, რომელიც ყველაფერთან ერთად პოლიგლოტიც აღმოჩნდა, გვარი ხიდირბეგიშვილის წარმომავლობაზე მიანიშნებს და ადამიან-ხიდს, ბრიჯს მიწოდებს (ინგლ.bridge ხიდი).

და გამახსენდა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ვაზის ჯვარი, რომლის ჰორიზონტალური მკლავი მართლმადიდებელ რუს და ქართველ ხალხებს შორის გადებულ ხიდს ჰგავს, ბოლო წლების სიმძიმის ქვეშ რომ ჩაზნექილა...

მაშ, ვილოცოთ, რომ გაუძლოს საყრდენმა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად იკავებს ჩაზნექილ ხიდს რუსეთსა და საქართველოს შორის მაცხოვრისა ჩვენის, იესო ქრისტეს ჯვრის ვერტიკალმა! როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის შარშანდელ ქადაგებაში ბრძანა, ჯვრის ჰორიზონტალი მოყვასისადმი ადამიანის სიყვარულის სიმბოლოა, ხოლო ვერტიკალი – უფლისადმი მისი მისწრაფებისა...

P.S. 2012 წლის 27 ივლისს „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი ა. ხიდირბეგიშვილი ტელეფონით დაუკავშირდა „МОФЕПН“-ის პრეზიდენტ ვ. ალექსეევს, რომელმაც აუწყა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორესთან. უწმიდეს პატრიარქს დავურეკე, რომელიც ჩემი გამომგზავრების დღიდან კახეთში იმყოფება რეგიონში, რომელიც სტიქიური უბედურებისაგან ძლიერ დაზარალდა და თავისი იქ ყოფნით ამხნევებს მის სულიერ შვილებს, სახლ-კარისა და საარსებო საშუალების გარეშე დარჩენილ ადამიანებს, რომლებმაც მთელი მოსავალი დაკარგეს...

მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ღრმა მადლიერება პატრიარქის მიმართ საქართველოში მოწვევის, თბილი მიღებისა და სიკეთისათვის, იმ სიბრძნისა და გაგებისთვის, რომლითაც ის ჩვენს კულტურულ პროექტს თბილისში მართლმადიდებელი გუნდების გამოსვლას შეხვდა.

მსურს, მადლობა ვუთხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – დავით ბაქრაძეს, რომელიც, აგრეთვე, უწმიდესის აღსაყდრების 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ორგკომიტეტის ხელმძღვანელია. ბატონმა ბაქრაძემ სიხარულით გამოხატა სრული მოწონება და მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჩვენს კულტურულ პროგრამას, რომელიც, როგორც საბოლოოდ შევთანხმდით, თბილისში 2012 წლის 17-დან 21 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება“.

1-aleks2 1-aleks3