პოლიტიკა
რიჩარდ დურბინი: „არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს და არა სტუმარმა, დამკვირვებელმა ან ვიზიტორმა“

1durbin-politika-3თბილისი, 1 ივნისი, საქინფორმი. თბილისში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ დურბინმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ღიად, თავისუფლად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს.

„მე ექვსი ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს შევხვდი, ვისაუბრეთ არჩევნების საკითხზე. ყველანი ვთანხმდებით, რომ არჩევნები უნდა იყოს ღია, თავისუფალი და გამჭვირვალე. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ არჩევნებში საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ამომრჩეველმა და არა რომელიმე თქვენმა სტუმარმა, დამკვირვებელმა ან ვიზიტორმა. ეს არის არჩევნები, რომელშიც საბოლოო გადაწყვეტილება ქართველ ხალხს ეკუთვნის“, – აღნიშნა რიჩარდ დურბინმა.

გარდა ამისა, დურბინის განცხადებით, მოახლოებული არჩევნების პერიოდში მედია უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელმისაწვდომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენთან 500-მდე არხი ფუნქციონირებს და დღესდღეობით ვითარება ისეთია, რომ კანდიდატს, რომელსაც ყველაზე მეტი ფული აქვს, შეუძლია ყველაზე მეტი საეთერო დრო იყიდოს. იმედი მაქვს, ეს ვითარება არ იქნება საქართველოში, უნდა იყოს ის გარემო, სადაც ნებისმიერ კანდიდატს შეეძლება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი შეხედულება“, – აღნიშნა სენატორმა.

ამასთან, მან ავღანეთში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა და ქართული მხარის მიერ აისაფის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, გამოვხატო ჩემი ხალხის უდიდესი მადლიერება იმ როლისთვის, რასაც ქართველი ჯარისკაცები ასრულებენ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის საქმეში. ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები და თავდადებით ასრულებენ მისიას. ვეთანხმები ჩემი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, შეფასებას, რომ ის, რასაც საქართველო აკეთებს თავისი მისიით, ამტკიცებს იმას, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს ღირსეული წევრი“, – განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა.

იგი საქართველოს კონფლიქტური ზონების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ  ელჩთან ერთად კონფლიქტურ ზონაშიც იმყოფებოდა, სადაც დევნილების დასახლება მოინახულა. „მე ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს და ვნახე რუსეთის მიერ წამოწყებული გარკვეული მშენებლობა. ეს დღე ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის, რადგან ვნახე გაყოფილი საქართველო“, – აღნიშნა სენატორმა და დასძინა, რომ დევნილებს სრული უფლება აქვთ, იცხოვრონ თავისუფლად, შიშისა და ზეწოლის გარეშე.

რიჩარდ დურბინის განცხადებით, მოახლოებული არჩევნების პერიოდში მედია უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და ხელმისაწვდომი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „მედია ის გარემოა, სადაც ნებისმიერ კანდიდატს უნდა შეეძლოს, თავისუფლად გამოთქვას საკუთარი შეხედულება“, – აღნიშნა სენატორმა.

რიჩარდ დურბინი ორდღიანი ვიზიტის პირველ დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტმაც მიიღო. დურბინმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრით ქვეყანაში ვიზიტი დაასრულა.