სამართალი
„ეს შენ გეხება“ საკანონმდებლო წინადადებებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს აცნობს

1es-shengexebaთბილისი, 17 მაისი, საქინფორმი. კამპანია „ეს შენ გეხებას“ ორგანიზატორი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს აცნობენ.

„მრგვალ მაგიდაში“ მონაწილეობენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელისუფლების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ისაუბრებენ არსებული კანონმდებლობის ხარვეზებზე და დეტალურად წარმოადგენენ საკუთარ წინადადებებს, რომლებიც, მათი აზრით, უზრუნველყოფენ პროცედურების დახვეწას არჩევნების დღეს, მედიათანაბრობას საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში, საერთო მაუწყებლების შეუფერხებელ გავრცელებას საკაბელო არხებით, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.

„ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს. კამპანია ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას „საარჩევნო კოდექსში“ და მედიაგარემოს გაჯანსაღებას საარჩევნო პერიოდში. ამასთან დაკავშირებით 7 მაისს კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს. იმავე დღეს საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა, რის შემდეგაც საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.