საქართველოს საგარეო ვალი მიმდინარე წლის 30 სექტემბრისათვის 3 მილიარდ 753 მილიონ 918 ათასი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 31 აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 179 მილიონ 612 ათასი აშშ დოლარით მეტია. ვალის საერთო მოცულობიდან მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალი 2 მილიარდ 692 მილიონ 294 ათასი აშშ დოლარია, ხოლო ორმხრივი კრედიტორების მიმართ - 558 მილიონ 061 ათასი აშშ დოლარი.
როგორც საქინფორმს ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განუცხადა, ხელისუფლება ახლა ორიენტირებულია საგარეო ვალზე და ამ ტენდენციის გაგრძელება საფრთხის შემცველია. ,,ხელისუფლებას შიდა პრობლემების მოსაგვარებლად რესურსები არ ჰყოფნის, ამის გამო ის უცხოეთისკენ იყურება. საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია უკვე გამოკვეთილია და ეს სერიოზულ პრობლემებს გააჩენს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროსა და დარგის მომსახურებაში,’’- განუმარტა საქინფორმს დემურ გიორხელიძემ. რაც შეეხება ვალის გასტუმრების პროცესს, ექსპერტის აზრით, ხელისუფლებას გრძელვადიანი ვალები აქვს. ამდენად, მთავრობას საკმარისი დრო აქვს ფინანსების მოსაძიებლად და ამ ვალის გასასტუმრებლად. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ევროობლიგაციები საფონდო ბირჟაზე განათავსა, საიდანაც მიიღო ნახევარ მიალარდამდე ვალი, ამ თანხის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებამ სამ წელიწადში უნდა მოახერხოს, თუმცა დემურ გიორხელიძეს უჭირს იმის თქმა, თუ რა რესურსით შეძლებს საქართველოს ხელისუფლება ვალის გადახდას.

