თბილისი, 23 ივლისი, საქინფორმი. არაბულ სახელმწიფოთა ლიგა სირიის ლიდერ ბაშარ ასადს თანამდებობიდან გადადგომის ვაჟკაცური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც შეხვედრაზე მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა ქვეყანაში სისხლისღვრის შეჩერებას შეუწყობს ხელს. ამავე განცხადებით, არაბულ სახელმწიფოთა ლიგა ასადს დაეხმარება და მისი ოჯახის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ეს ვაჟკაცური გადაწყვეტილება ნგრევისა და ადამიანების სიკვდილის შეჩერებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სხდომის მონაწილეთა თქმით, სირიაში გაეროს მისიის წარმომადგენლები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისათვის ძალისხმევას არ დაიშურებენ.

